„არა ოკუპაციას“ – ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სამძიმარს უცხადებენ

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სამძიმარს უცხადებენ. „არა ოკუპაციას“ – საპროტესტო აქციები ამ ლოზუნგით, დღეს ევროპის რამდენიმე ქალაქში იმართება.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები საბერძნეთში შეიკრიბნენ. რუსულ ოკუპაციას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ათენსა და სალონიკში, უკრაინელებიც აპროტესტებენ, რომლებიც დღეს აქციაზე საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატად, საგანგებოდ მივიდნენ. რამდენიმე საათში კი ანალოგიური აქცია იტალიაშიც გაიმართება.

რუსეთის საელჩოსთან, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას აპროტესტებენ ბარსელონაში, ანკარასა და ბერლინშიც.

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი, ირაკლი კვარაცხელია სენაკის საკათედრო ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს. 29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, 4 წლის წინ ააგეს.

ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიკრაკოვში, ვაველის სასახლის მშენებლობაზე უკრაინის მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაქვეყანა გიორგი ვაშაძისნაირ პოლიტიკოსებს უნდა მოეპოტინოს და გაუფრთხილდეს