„არა ოკუპაციას” – აქცია სოფელ ბერშუეთში

„არა ოკუპაციას” – აქცია სოფელ ბერშუეთში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

101 კილომეტრი როკის გვირაბამდე – აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ასეთი შინაარსის ალტერნატიული ბანერები აღმართეს და ამით ოკუპანტებს საქართველოს რეალური სახელმწიფო საზღვრისკენ მიუთითეს.

ე.წ. საზღვართან ამ წუთებშიც სამართალდამცავები იმყოფებიან.

დღევანდელ აქციაში საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი და თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი იღებდა მონაწილეობას.

„სახელმწიფო არის ძალიან პასიური ოკუპაციასთან დაკავშრებით, მათგან არ ისმის მკვეთრი პოზიცია, რომ გავაპროტესტოთ საზღვრების გადმოწევა. ჩვენ სიმბოლურად დავდგით ბანერი, რომელზეც მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს საზღვარი რეალურად 101 კილომეტრშია. მე აქციაზე დღეს ჩემს შვილებთან ერთად მოვედი, მათ შორის არის ჩემი უფროსი შვილი, რომლიც სასამართლოდან გუშინ გათავისუფლდა. ვაპროტესტებთ მცოცავ ოკუპაციას, რათა მსოფლიოს ვუთხრათ, რუსეთის არის ოკუპანტი, დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს არა“, –  განაცხადა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ოპოზიციის წევრების თქმით, აუცილებელია ხელისუფლების რეაგირება ოკუპაციასთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი იყოს.

„სრულიად სამარცხვინო და მავნებლურია ის მოღალატური პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, გამოიხატება მცოცავ ოკუპაციაში, რომელიც ყოველდღე მტრის ხელში ახალ ქართულ მიწას და ახალ მოტაცებულ ადამიანებს გადასცემს. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობა მაღალი იყოს. 

„ახლა კრიტიკის დრო არ არის, აუცილებელია შევაჩეროთ აგრესორი. მხოლოდ საზოგადოებრივი აქტიურობა არ შველის ამ საქმეს, ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე მკაცრად დააყენოს, დღის წესრიგად აქციოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი. სხვანაირად, საერთაშორისო ზეწოლის გარეშე შეუძლებელია რუსეთის აგრესიის შეჩერება. ე.წ. საზღვარი მაგისტრალთან ძალიან ახლოს არის გავლებული, რაც სერიოზული საფრთხეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც. ჩვენ რეალურად ყოველდღე პროვოკაციის მოლოდინში ვართ, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალოს. ორი გასროლაა საჭირო ამისთვის, ამიტომ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია“,-აცხადებს პაატა დავითაია.

პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის თქმით, რუსეთი მცოცავი ოკუპაციით ებრძვის ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და სუვერენიტეტი.

 

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი მიიჩნევს, მათი თაობის ვალია საერთაშორისო საზოგადოებას უთხრან, რომ ისინი არსებულ პროცესს არ ეპუებიან:

„ერთი აქცია, ერთი აქტივობა შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ამგვარ აქტივობას მივმართავთ არა მხოლოდ ჩვენი თავებისთვის, არამედ იმიტომ თუ რას ვუტოვებთ ჩვენს შთამომავლობას. ჩვენი თაობა ჩვენი გენერაცია, ადამიანები რომლებიც აქ არიან, არ ვეპუებით და არ ვეპუებოდით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამ კონკრეტული აქციის მხოლოდ დღევანდელ ჭრილში წაკითხვა არ შეიძლება. მაშინ როდესაც შედეგი შეიძლება ათწლეულების შემდეგ იყოს, ჩვენ ყველა დავინახავთ და ვიგრძნობთ, ეს კონკრეტული აქცია რომ არ ყოფილიყო, არ გვექნებოდა ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს, ამიტომ ჩვენი მორალური ვალდებულებაა ვიდგეთ აქ, ვერც ოკუპანტს დააფრთხობ ამით და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას გაამხნევებ სათანადოდ, რადგან რუსეთი არ ჩერდება, განაგრძობს ოკუპაციას. ამიტომ ჩვენი თაობის ვალია, უთხრას საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ამ პროცესს არ ვეპუებით“, – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: “ადგილი აქვს რუსეთთან ჩვენი ხელისუფლების ჩუმ გარიგებას”
შემდეგი სტატიაშტატებისთვის საზღვრების ცალმხრივად შეცვლა მიუღებელია და ვაშინგტონი ამას არასდროს აღიარებს