16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

„არა, მიუსაფარების გენოციდს! იყავი მიუსაფრების ხმა“- კანცელარიასთან აქცია გაიმართება

თბილისში დღეს, კანცელარიასთან, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია გაიმართება.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 15:00 საათზეა დაგეგმილი.

ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ჰუმანური მიდგომების მხარდაჭერაა.

„ვიკრიბებით მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ვიკრიბებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც გაიგონ – ჰუმანურობა არ არის სისუსტე. ჰუმანურობა საზოგადოების ღირსებაა. თუ შენც გტკივა ეს უსამართლობა – მოდი. თუ შენც გჯერა, რომ სუსტის დაცვა ადამიანის ვალია – მოდი“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ჰყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით – სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ.

banner
წინა სტატიაშიჰორმუზის სრუტე ფრანგულმა საკონტეინერო გემმა, ომანთან დაკავშირებულმა სამმა ტანკერმა და იაპონიის მფლობელობაში მყოფმა გაზმზიდმა გადაკვეთეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ვალდებულები იქნებიან, ქვეყნიდან დიდი ხნით გამგზავრებისთვის ნებართვა მიიღონ