“არ ვიცოდი “მაესტროში” რაც ხდებოდა, თორემ შესაძლოა თავი შემეკავებინა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრისგან”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან (“უცნობი”) შეხვედრის დროს “მაესტროში” შექმნილი სიტუაციის შესახებ არ იცოდა, თორემ “სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად” შესაძლოა აღნიშნული შეხვედრისგან თავის შეეკავებინა.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტბს “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენების და გია გაჩეჩილაძესთან მისი შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, შეხვედრის თემა არა ტელევიზია, არამედ გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის საკითხი იყო, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს “პრობლემები შეექმნა”.

“არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი, მაქვს ტყუილის აუტანლობა. 23:00 საათზე შევხვდი. ამ სპეკულაციებზე აღარ შემიძლია უკვე პასუხების გაცემა. 23:00 საათი სამუშაო დრო, მე მგონი, არ არის და მქონდა საუბარი გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის თაობაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც პრობლემები ჰქონდა. ეს იყო და ეს. პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა “მაესტროში”, რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლებოდა თავი შემეკავებინა შეხვედრისგან, ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა რომ არ გამომეწვია. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი”, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: არცერთ მინისტრერიალზე MAP-ი არ მომითხოვია, მე ვითხოვ ნატო-ს წევრობას