მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის ლიდერებს საყვედურობს და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაყალბებული არჩევნებისთვის მისი პარტიის წევრები არ ემზადებოდნენ. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის რომ ყოფილიყო, საქართველოში პარტიას ხმების დასაცავად მოამზადებდა-ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და უკრაინაში პარტიის ლიდერების ჩასვლისა და მათგან მიღებული პირობის დეტალები მოყვა.
„აქ რომ იყვნენ რამდენჯერმე ჩამოსულები, მათ თქვეს, რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს საარჩევნო კამპანიაზე. ეს იყო მთელი ლაპარაკი. როცა ადამიანი იტყვის, მე ვაგებ პასუხს, მან უნდა აგოს პასუხი,“ – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა კონკრეტული გვარები, ვის სთხოვს პასუხისგებას, მას არ დაუკონკრეტებია.

”ის ციფრები, რომელიც დაფიქსირდა, ყველამ იცის საქართველოში, რომ არ ასახავს რეალობას. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. ეს ციფრები არის ყალბი და ეს ყველამ იცის. რატომ არ არის საქართველოში ზეიმის განცდა?! რატომ არ ზეიმობენ?! იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც მოხდა. თავს ნუ მოვიტყუებთ – ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ოდესმე მომხდარა არჩევნებზე საქართველოში. ამ ტექნოლოგიებს ვიცნობდით შევარდნაძის დროიდან, მაგრამ ივანიშვილმა გამოიყენა ყველა ეს ტექნოლოგია და გაამრავლა ათზე. ამიტომ რა შედეგებზე ვილაპარაკოთ?! ჩამოიყვანა ვიღაც გამომკითხავები, რომლებსაც არავინ იცნობს. დააწერინა რაღაც რიცხვები და შედეგები მიუსადაგა ამ რიცხვებს. სანდრა, სულ რომ ყირაზე დამდგარიყო ყველა, ზუგდიდს ვერ წააგებდა. ეს ყველამ იცის. მინიმუმ 60% აიღო მან. ციფრები რომ გადაუკეთეს და არ გამოუვიდათ, შემდეგ უბნები დაარბიეს, სადაც კამერებიც კი არ მუშაობდა. ამ სიტუაციაში ჩვენ წინასწარ დაგვაკომპლექსეს. ჩვენ ვიძახდით, რომ არაფერზე მოვახდენთ რეაგირებას, ყველაფერი კარგად იქნება, არჩევნებს ვერ გააყალბებენ. დედის რძესავით შევირგეთ გაყალბება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” გაყალბების წინააღმდეგ არ ემზადებოდა. ”ამისთვის პარტია არ ემზადებოდა. 2003-ში სპეციფიურად მოვემზადეთ ამისთვის. მაშინ ჟვანიას გუნდმა ვერ დააფიქსირა დარღვევები, მაგრამ მომზადებული იყო ”ნაციონალური მოძრაობა” და ეგრევე აგორდა ყველაფერი. ახლა იძახიან, ამერიკელები გვეუბნებიან აღიარეთო. მაშინდელმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა რამდენიმე შეხვედრა მომიწყო ჯორბენაძესთან. მეუბნეოდა, არ გვინდა არეულობა, თქვენ გადმოგიყვანთ მეორე ადგილზეო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოვიგეთ და რა მეორე ადგილზე გადასვლაო. უცხოელები გვეუბნეოდნენ, აღიარეთ შედეგებიო, მაგრამ დავუჯერე თუ რა?! ჩემი ქვეყანა იყო და რას ნიშნავს შედეგების აღიარება?! თეთრ სახლში მეგობრები მყავდა, დავურეკე და ვკითხე, თუ რას აკეთებდა მათი ელჩი?! ახლა იმ უცხოელებს მივუტანეთ ინფორმაცია?! დავუფიქსირეთ დარღვევები?! შენ თუ არ იბრძვი შენი უფლებებისთვის, უცხოელები თავს არ მოიკლავენ. ვის რაში აინტერესებ?!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

https://youtu.be/SroocYo3qK8

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად არ ემზადებოდა
შემდეგი სტატიარაღაც ნაწილს ალბათ შეეშინდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის