არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს – ზურაბიშვილი

უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ყველა ის მთავარი პრინციპები, რაც დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის დრამატულ თეატრში, სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა სტუდენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ახალგაზრდების მოვალეობაა თავისივე მომავლისთვის, შექმნან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შემდგომში ყველაფრისგან დამცველია.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ, რადგან ზემოდან სამოქალაქო საზოგადოება არ იქმნება. თქვენგან უნდა წამოვიდეს ეს და მე ვხედავ აქ ბევრ ახალგაზრდას და ეს თქვენი მოვალეობაა თქვენივე მომავლისთვის, რომ შექმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შემდგომში ყველაფრისგან დამცველია.

უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რამდენად იარსებებს ყველა ეს მთავარი პრინციპები, რაც დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის. თუ არ იარსებებს, მაშინ ყოველთვის იქნება რაღაც ჭიდილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პოლარიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ მისივე თქმით, საქართველოში ამან „ძალიან მახინჯი ფორმა და პრაქტიკა მიიღო“.

„ეს არ არის დისკუსია და სხვადასხვა მოსაზრების ერთმანეთთან შეჯერება, ეს პირდაპირ პერსონალური ლანძღვა და მეორის დისკრედიტაციაა და ეს არის სწორედ ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებულნი არ ვართ არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. პოლიტიკურ ელიტაში მომხდარი პროცესები გადმოდის საზოგადოებაზე და ძალიან გვამძიმებს ეს მდგომარეობა. ჩვენ თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ აუცილებელია, წარსულის რაღაც ნაწილზე ერთნაირი შეხედულების ჩამოყალიბება რადგან ერი არის ის, რომელსაც საერთო წარსული აქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ „არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება“.

„არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, რადგან მართალია, ეს მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, რათა ეს არ დაუშვას ამ საზოგადოებაში. ასევე, ამ დაპირისპირებაში და მისი ტონალობის აწევაში მედიის დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აქაც, საზოგადოება იმიტომაა, რომ ეს უნდა გამოასწოროს, სხვა მოთხოვნა დააყენოს, მიჰყვეს თავის მოთხოვნებს და არა იმას, რაც გარედანაა წამოსული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნია რომელიმე პოლიტიკური ძალების შერიგება.

„ბევრი კითხვა იყო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეროვნული თანხმობა, როგორ უნდა შეარიგოთ მხარეები და ასე შემდეგ. არავის შერიგებას არ ვაპირებ. ამის არც ძალა მაქვს და არც ბერკეტი. ან რატომ უნდა შევარიგო ვინმე ვინმესთან?! პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია რომელიმე პოლიტიკური ძალების შერიგება. შერიგება ეს სხვა მორალური განზომილებაა, რომელიც შეიძლება ეკლესიის პასუხისმგებლობა, ან პირადად ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის ნაწილი იყოს. აღნიშნულ საკითხში ჩემი როლის შესახებ სხვა ხედვა მაქვს. მინდა, თქვენგან გავიგო და მჯერა, რომ არსებობს თემები, რომლებზეც ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვთანხმდებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში გლობალურად პესიმიზმია.

„რაღაცნაირად მინდობილი ვართ იმაზე, რაც ხდება და არ გვგონია, რომ საზოგადოებას ამის შეცვლა შეგვიძლია. გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი, რომელიც ამას გადაწყვეტს და გააკეთებს. არ იქნება ეს ასე! ან ჩვენ შევძლებთ (და მე თქვენი ნაწილი ვარ), ან თუ ვერ შევძლებთ, (უნდა ვიცოდეთ, რომ) ამას სხვა ვერავინ გაგვიკეთებს – არც უცხოელი, არც ქართველი – ვიღაც ახალი ბელადი. ამიტომ, ძალიან ბევრი რეალური შესაძლებლობა არსებობს ამ ქვეყანაში და ვხედავთ ამას. ვხედავთ, რამდენად საინტერესოა სამომავლოდ ეს ქვეყანა, რამდენად იწვევს ინტერესს გარედან, მაგრამ ჩვენ იმ ადგილას უნდა ვიდგეთ, სადაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევთ და უფრო ამ ინტერესის ღირსნი ვიქნებით, რადგან, ერთია, რომ ინტერესი გააჩინო და მეორე, დაინახონ, რომ რეალურად არაფრის გამკეთებელი არ ხარ. ამ მდგომარეობაში ვართ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა დღეს სულ სხვაგვარი რეალობა შექმნა, შეცვალა რუსეთი და ამერიკაც.

„ეროვნული თანხმობის პროცესი უკრაინის ომამდე დავიწყეთ, მაგრამ დღეს ძირეულად შეიცვალა მსოფლიო. უკრაინის ომმა შეცვალა მთლიანად ევროპა და ევროპისკენ მიმავალი უკრაინის გზა, ჩვენი გზა და შეცვალა ზოგადად, ევროპის დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მიმართ, ყველაფერი ახლა, დღეს, ან გადაფიქრებული, ან გადაფიქრების პროცესშია.

(უკრაინის ომმა) დიდი ხნით შეცვალა რუსეთი. დღეს ვერ ვიტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ იქნება ის რუსეთი, რაც ამ ომამდე იყო, არ იქნება იგივე რუსეთი სხვების თვალში და თუ რამე გონება აქვთ, თავიანთ თვალშიც უნდა შეიცვალოს. რეალობა შეიცვლება – მათი რესურსები, მათი ძალა, სხვებისგან იმის დაჯერება, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ქვეყანა თუ არა. ეს ყველაფერი აღარ იქნება იგივე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

შეიცვალა ამერიკა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ მან დატოვა ავღანეთი, ტოვებს ევროპას და უკვე მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩინეთია მისი მთავარი პრიორიტეტი. დაბრუნდა ამერიკა ევროპაში. ის ძალიან მჭიდრო კავშირშია ევროპელებთან და მისთვისაც სრულად იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა.

დღეს ფინეთი ითხოვს ნატო-ში შესვლას. ვინ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინ, რომ ამას მოისურვებდა ფინეთი? ანუ ეს ჩვენ უნდა დავინახოთ იმისთვის, რომ ვნახოთ ჩვენ სად ვართ, რა რეალური შანსები არსებობს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როცა, ჩაიკეტა რუსეთი და ჩაიკეტა ალბათ, კარგა ხნით.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი განწყობაა ევროპის ქვეყნებში, რომ ეს სანქციები არ მოიხსნება ხვალ-ზეგ. ამდენად, ჩვენი რეგიონი ხელახლა იძენს ძალიან სერიოზულ დანიშნულებას, როგორც ტრანზიტისა და ენერგეტიკისთვის, ასევე ბევრი სხვა კუთხითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიძენთ უფრო მეტ მნიშვნელობას. ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება თუ ჩვენ არ გვეცოდინება, როგორ უნდა ჩავდგეთ ამ როლში, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი მზადყოფნისათვის.

მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად და უნდა წარადგენდეს თავის მოთხოვნებს, ყველაფერს არ უნდა აკეთებდეს იმის მიხედვით, თუ რას იტყვის, ან არ იტყვის ან ხელისუფლება, ან ოპოზიცია. საზოგადოებას თავისი მიმართულება და გეზი უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და დავინახოთ, სად არის საქართველო დღეს ამ მსოფლიოში.

დღეს ევროპული ინტეგრაციის გზა სულ სხვანაირად გვეჩვენება. გუშინ ვამბობდით, რომ 2024 წელს შევიტანდით განაცხადს კანდიდატობაზე და ისიც ცოტა ხელოვნური მიდგომა იყო – აი გავაკეთოთ და ვნახოთ. რეალურად, არ იყო ისეთი მომზადებული, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო. და ამის შემდეგ ალბათ, პასუხისათვის რამდენიმე წელი უნდა გველოდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის, რომ დღეს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი შეტანილია, უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა.

„დღეს კანდიდატურაზე განაცხადი შეტანილია. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ. უამისოდ ეს არ იქნებოდა, უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ ეს და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცბად გავხდით ღირსნი ამ ყველაფრის. ეს მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით. მართალია, წლების განმავლობაში, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს, მათი დამსახურებაა და დღეს ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებში, და კვირებში. რა იქნება პასუხი, ამას მე ვერ გეტყვით. ესეც ნაწილობრივ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში, რამდენად ვაჩვენებთ ჩვენ საქართველოს არსებულ სახეს, რამდენად მზად ვიქნებით, ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში, რომ გახდეს ევროპული ამ მიმართულებებით: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება, ის სტანდარტები და წესები, რის გამოც მოგვწონს ევროპა.

ჩვენ რაღაცები შეიძლება ევროპაში არ მოგვწონდეს, მაგრამ იმ ეკონომიკური და სოციალური სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა რამისთვის, რაც გვინდა ევროპიდან – მზად უნდა ვიყოთ და ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენშიც. პირველ რიგში, მენტალობა. ჩვენი იდენტობა ჩვენი დასაცავია. არავის არაფერი თავს არ უნდა მოვახვევინოთ, თუმცა მზად უნდა ვიყოთ მთავარი პრინციპების შესასრულებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა მოვემზადოთ, ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„საჭიროა, ჩვენ ისეთი სახე ვაჩვენოთ, რომელიც არ გამოიხატება მხოლოდ დაპირისპირებასა და ერთი-მეორის დამცირებაში, თორემ ჩვენი პარტნიორები იფიქრებენ, რომ ჯერ თავიანთ თავში მოაგვარონ საკითხები, რომლებიც ვერ მოუგვარებიათ და მერე ვიფიქროთ მათ ადგილზე ჩვენს სხვადასხვა გაერთიანებებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს კვლევები, რათა განისაზღვროს, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი მომავალში – სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიამაია ბითაძემ და სოზარ სუბარმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს