“არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას ქართველი ხალხის დევნის აქტს” – არასამთავრობოები “ოცნების” ახალ კანონპროექტზე

„ქართული ოცნება“ უახლოეს დღეებში აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გაწევა აეკრძალებათ, – ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს“.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აეკრძალებათ საქართველოს მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გაწევა. დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს, მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას. „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც, „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს, ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა, თანადგომა და დაუცველი დატოვოს ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები“.

„უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს, მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე. ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. ჩვენ არ დავუშვებთ, ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – რადიკალურ დაჯგუფებას უსტატუსო სალომე ზურაბიშვილი არ სჭირდება