“არ ვაპირებ, დავასახელო წყარო, ერთადერთი, რასაც ვიტყვი, წყარო დაკავშირებულია ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან“

nadiradze“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი გუშინ პარტიის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე საუბრობს, რომელიც კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებისთვის, ვლადიმერ გეგეშიძისთვის და გიორგი გიგაურისთვის, თანხის გადარიცხვას ეხება.

„ის, რომ ეს მოძალადეების ჯგუფი დაკავშირებული იყო კახი კალაძესთან, მე მგონი, არვისთვის ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში.

ირმა ნადირაშვილმა ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე, სპორტსმენებთან კავშირში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

საუბარია “ალფა ბანკის” ოფიციალურ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენების – გიორგი გიგაურისა და ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშებზე KALA KAPITAL LIMITED-ისა დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზას, მიერ თანხები ჩაირიცხა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, კორცხელის ინციდენტამდე არსებობდა ინფორმაციები, რომ სპორტსმენებს სპეციალურად ამზადებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის. მისივე თქმით, სპორტსმენების გაწვრთნას მერია აფინანსებს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტები მოიპოვეს, ის გაასაჯაროეს და მიმართეს პროკურატურას, რათა დადგინდეს მათი ავთენტურობის საკითხი. თუმცა, როგორც ის აცხადებს, არა აქვს იმის იმედი, რომ პროკურატურა ამ მიმართულებით რაიმე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

მისივე თქმით, ის წყაროს დასახელებას არ აპირებს.

„მე არ ვაპირებ, რომ დავასახელო წყარო. ერთადერთი, რასაც ვიტყვი, წყარო დაკავშირებულია ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) გივი თარგამაძის სკანადალური ფეისბუქ-პოსტი და მიმართვა შსს-ს
შემდეგი სტატია(video) ხოსე კარერასი სასცენო მოღვაწეობას ამთავრებს – აღიარებული ტენორი ქუთაისში