ლამაზქალაქიდან კამორაში თავაწყვეტილად ჩავეშვით! წილხვედრი კორუმპირებული სარკინოზების სათარეშოდ გადაიქცა, სადაც ყველა მათთვის მიუღებელი, ან განსხვავებული აზრის მქონე “მტერი” და “შპიონია” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე სოციალურ ქსელში წერს.
არ ვაღიარებ ამ უსამართლობას და არც შევეგუები – აცხადებს ნიკა ალავიძე, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სოლიდარობას უცხადებს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მათი ისტორია ხომ ბნელ 90-იანებში დაიწყო ინსტიტუტის შექმნით – თიბისი ჯგუფი, რაც ამ ქვეყნის თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და ფუნდამენტია.
მე ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ, 2000 წელს ამ ჯგუფის წევრი გავხდი, რამაც ჩემი პროფესიული და კარიერული განვითარება განსაზღვრა, ისევე როგორც 12 ათასაზე მეტი ადამინის ცხოვრება, ვინც დღესაც ამ ჯგუფის წევრია.
რეპრესიებით გამყარებული „სამართლიანობა” არ არსებობს, არც თავისუფლება, არც ღირსება, ადამიანობა. არც არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამართალი და კანონის უზენაესობა.
37 წელი ერთი დღეში არ დამდგარა, ნელ-ნელა მივედით, ნუთუ ასე ძნელად დასანახია ეს რეალობა?
ეს ყველას ეხება! შურისძიებით, შურით და ბოღმით არაფერი კეთდება „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“! ნუ დადგებით „დაღრეჯილობის“ მხარეს, დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავლი. ასე ქვეყანა არ ვითარდება.
მხარდაჭერა მამუკასა და ბადრის! არ ვაღიარებ ამ უსამართლობას და არც არასდროს არ შევეგუები!!!”- ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებაში.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.