“არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე” – ომბუდსმენი მუხთარლის გაუჩინარებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარებას ეხმაურება.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდუნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.

მისივე თქმით, მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა.

„როგორც საქართველოს სახალხო დამცველისათვის გახდა ცნობილი, 29 მაისს, საღამოს, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ოჯახის წევრის განმარტებით, მისი ჟურნალისტური საქმიანობა მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების გამოაშკარავებისაკენ. ამავე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აფგან მუხთარლის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკალაძის “საიდუმლო” 373 514 ლარის ხარკი