“არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული პროვოკაციების საფუძველზე უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო დავძაბოთ”

darejaaniთბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია გმობს სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას და რეაგირებისთვის საკითხს უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას გადასცემს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სტუდენტებს შორის ნებისმიერი სახის დაპირისპირება მიუღებელია და მსგავსი ფაქტები უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს.

„ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული პროვოკაციების საფუძველზე უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო დავძაბოთ. მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, პროფესორს, უნივერსიტეტის თანამშრომელს იყვნენ ფხიზლად, რათა მსგავსი ფაქტები არ გამეორდეს და არ გადაიზარდოს უფრო დიდ დაპირისპირებაში“, – განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, სტუდენტებს შორის მომხდარ ფაქტს, მათ შორის უნივერსიტეტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერს, სოციალურ ქსელში (Facebook) გავრცელებულ მასალებს და იმ ფაქტებს, რაც დაპირისპირებას წინ უძღოდა, შეისწავლის უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მაისს ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას რამდენიმე სტუდენტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით განიმუხტა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ოდესის გუბერნიის ფასადზე სავჩენკოს პორტრეტი კიდია
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს მდუმარე აქციით აპროტესტებენ