არ უნდა დაველოდოთ, როდის დასრულდება მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი და დააზიანებს ქვეყანასაც, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას – ბოკერია

არ უნდა დაველოდოთ, როდის დასრულდება მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი და დააზიანებს მნიშვნელოვნად ქვეყანასაც, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკების მიერ გადარიცხვებზე შექმნილი პრობლემების შესახებ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს „სკანდალური და პუტინისტური ბოდვა“ უწოდა.

„ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარი სპიკერის, კობახიძის სკანდალური განცხადება. ის გამოეხმაურა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ ერთ-ერთ რიგით პუტინისტ სპიკერს, ქალბატონ ხოფერიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ ივანიშვილის პრობლემებს უქმნის ამერიკა გადარიცხვებში, კერძოდ მისი ანგარიშიდან შვეიცარიის ბანკში. კობახიძე გამოეხმაურა ამას, დაადასტურა რომ ეს კითხვა ლეგიტიმურია და პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმე, ალბათ გულისხმობდა დასავლეთს, აშშ-ს მნიშვნელობა არ აქვს, მთლიანად თავისუფალ სამყაროს, ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, არაფერი არ გამოუვათ, ესე იგი ისინი არ იცნობენ ივანიშვილს, მას პოლიტიკაში ვერ მოაბრუნებენო. აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც მე და არც ჩემ გარშემო ვინმე დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ იმაზე თუ რა მოხდა, რატომ ჰქონდა გადარიცხვაზე ივანიშვილის პრობლემა, უფრო მეტიც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჯერ-ჯერობით ეგ სანქციებთან კავშირში არაა, მაგრამ ის რეაქცია რაც მისცა ივანიშვილმა, მისი სპიკერი კობახიძის პირით ამ ყველაფერს, არის ასეთი ფენომენი არსებობს – თვითახდენადი წინასწარმეტყველებები, ანუ რა განწყობაც აქვს ადამიანს, რა პოზიციაც აქვს, ისე აღიქვამს მოვლენებს.

ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში, აშშ-სა და დასავლეთში ხედავს საფრთხეს და აძლევს თავს უფლებას, რომ ეს პუტინისტური ბოდვა გაიმეოროს თითქოს ვიღაცას, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ან ოპოზიციას საქართველოში, არამედ თავისუფალ სამყაროს და ამერიკას, უნდოდეს საქართველოს ომში ჩათრევა არის ბოდვა, რაც არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა. ეგ არის თავისთავად დიაგნოზი. როცა ასეთი დამოკიდებულება გაქვს, ამ ვითარებაშიც, სადაც შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს ასე, ხედავ დასავლეთის ხელს, ეგ ნიშნავს რომ ამ გზაზე დგახარ. ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგაშოა, რომ ასეთ განწყობაზე მყოფი მმართველი, ამ გზაზე მდგომი, ყველა ვარიანტში, რაღაც მომენტში მართლა „გაიჩალიჩებს“ იმას, რისიც ეშინია და რაზეც ახლა წინსწრებით ლაპარაკობს შესაძლოა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. თუმცა ამ გაჩალიჩებაში, სამწუხაროდ გარდა იმისა რომ თავს დაიღუპავს, ჩვენს ქვეყანას აზიანებს დრამატულად ჩვენი ისტორიის ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში. ამიტომ ჩვენ იმას კი არ უნდა დაველოდოთ, როდის დასრულდება ეს პროცესი, მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი როდის დაამთავრებს, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წინა სტატიაშიმსოფლიოს სჭირდება ცოცხალი გმირები. გააკეთეთ ყველაფერი, რომ მათ იცოცხლონ – აზოვსტალის მებრძოლების ცოლების მიმართვა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ალან გაგლოევს დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა