არ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს

არ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს, არ შევეგუებით იმას, რომ მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. რა დროც და ძალისხმევაც უნდა დასჭირდეს ამას, ეს საკითხი იქნება აქტუალური, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, დღეს სამი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას ცივსისხლიანი მკვლელობიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ და იმ კონკრეტული პირის მხრიდან, რომელსაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში შეფარდებული აქვს პატიმრობა, მაგრამ ოკუპირებულ მხარეს ჯერ კიდევ დაუსჯელია.

„გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება გიგა ოთხოზორიას სახელი და მისი თავდადება. პატივი იყო მისი ოჯახისათვის სამოქალაქო თავდადებისათვის მედლის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 2019 წლის იანვარში, იმისთვის რომ ყველამ იცოდეს, და პირველ რიგში, მისმა ქეთიმ და აკაკიმ, ქალბატონმა ჯულიეტამ და მისმა მეუღლემ, ნინომ, რომ გიგა გმირია მთელი საქართველოსათვის.

არ შევეგუებით იმას, რომ მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. რა დროც და რა ძალისხმევაც უნდა დასჭირდეს ამას, ეს საკითხი იქნება აქტუალური, სანამ სამართალი არ აღსრულდება. პასუხისმგებლობა კი საოკუპაციო ძალას ეკისრება. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა წინა წლის ზაფხულში რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რომელთა შორის ყველაზე შემზარავი და ტრაგიკული სიცოცხლის უფლების ხელყოფაა“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი არჩევნებსაც გამოეხმაურა.

„დღეს, როცა იმართება არჩევნები, მათ შორის ზუგდიდში, სადაც გიგა ცხოვრობდა დევნილობაში და მისი ოჯახი, მისი შვილები დღესაც ცხოვრობენ, ყველას უნდა ახსოვდეს რომ დაუშვებელია რაიმე სახის პროვოკაცია და ძალადობა. მთავარია პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოებში იყოს და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს გასატარებელი – ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი, რაც სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, სადაც ეს გამოწვევები ფიზიკურად ასე ახლოსაა“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაია – არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს