“არ შემიძლია არ გავიხსენო ის მძიმე სტატისტიკა, რომელიც შარშან საქართველოს ჰქონდა”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ჩვენ უნდა გავუხსნათ ქალებს უფრო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა, სადაც გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის გაძლიერება პირადად მისი პოლიტიკაა, რის ფარგლებშიც არაერთ თანამდებობაზე სწორედ ქალი კანდიდატი წარადგინა.
“ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდენტობის ფორმირებაში ქალები, როგორც პოლიტიკოსები, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების შემქმნელები უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დღეს მე ისევ ვუბრუნდები იმ სატკივარს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ – ძალადობას ქალთა მიმართ. ამ ძალადობის მიმართ ქართულმა საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტი გამოიტანა და ერთმნიშვნელოვნად დაგმო, მაგრამ გასააზრებელია ერთ რამ: იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ უფრო ძლიერი, უფრო მოქმედი საზოგადოება, უნდა გავუხსნათ ქალებს უფრო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა. ჩვენ შორის არის ბევრი გამორჩეული ქალბატონი, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მთავრობაში.
მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ჩემი პოლიტიკის ფარგლებში მე მუდმივად ვცდილობდი, ქალბატონები ყოფილიყვნენ იმ მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რომლებსაც მე წარვადგენდი. ასეთია მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ სასამართლო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშველოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ისეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა, როგორიც ნინო გვენეტაძეა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში„თუ ვინმე რევოლუციას გეგმავს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვინმე უკრაინულ „ვიკილიქსზე“
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია