არ შეიძლება მსჯავრდებული გათავისუფლდეს რომელიმე დეპუტატის თავდებობით, ამიტომ მე ამას ვერ შეუერთდები – ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი – იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მსჯავრდებულის გათავისუფლებას რომელიმე დეპუტატის თავდებობით საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამიტომ ის „ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას არ შეუერთდება.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინაპირობების დაყენება გაართულებს იმ მდგომარეობას, რაშიც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

„თუ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა, გადაყვანილ უნდა იქნას შესაბამის დაწესებულებაში და თუ შეთავაზება არის მან უნდა მიიღოს ეს სერვისი. წინაპირობების დაყენება გაართულებს იმ მდგომარეობას, რაშიც იმყოფება. ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ თავის ჯანმრთელობაზე ეზრუნა, მერე დანარჩენზე.

თავდებობის გარანტიას კანონი არ ითვალისწინებს. არ შეიძლება მსჯავრდებული განთავისუფლდეს რომელიმე დეპუტატის თავდებობით, ამიტომ მე ამას ვერ შეუერთდები, ეს ერთი და მეორე ამას აქვს პოლიტიკური ნაწილი, რასაც არ მალავენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მე ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. მათი გადასაწყვეტია, როგორ დღის წესრიგის ქმნიან, მაგრამ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ”,- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმინდა მივმართო ჩემს მეორე ოჯახს, მთავარია ფეხზე იდგეთ, იყოთ მხნედ, ამ ქვეყნის ბედი კიდია თქვენზე მნიშვნელოვანწილად – ნიკა გვარამია “მთავარ არხს”
შემდეგი სტატიადღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მოკავშირედ პუტინს და მთავარ მტრად დასავლურ სამყაროს აღიქვამს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას და მომავალს – ბოკერია