არ შეიძლება, ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილო იდეებს იყოს აყოლილი სახელმწიფო ინსტიტუტი. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და თავად გადაწყვეტენ, როდის სჭირდებათ შეკრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ხელისუფლება, პრემიერი სწორად მოქმედებს.
შსს-მ განმარტა, რომ საზღვრის კვეთის რაიმე მატება არ იყო და ამის მიუხედავად, გუგლ მეფის რუკებს ავრცელებდნენ, თითქოს მოძრაობა იყო გადატვირთული. იყო დეზინფორმაცია, ეს არ არის შეცდომა. სხვა დღეებს შეადარეთ. მოზღვავებული თუ იყო ხალხის ნაკადი, სად წავიდნენ, გადმოვიდნენ, თუ სად არიან? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შვიდჯერ რომ გვატყუებენ, ხომ უნდა დავფიქრდეთ. ამდენჯერ რომ სიყალბეს გაავრცელებენ, მერვედ ხომ არ უნდა ვენდოთ. შვიდჯერ როცა ავრცელებენ დეზინფორმაციას, ჰიბრიდული ომის გამიზნული ტაქტიკაა ეს, რომ პანიკა გამოიწვიონ.
პრეზიდენტის განცხადებას რაც შეეხება, მგონი, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რაზეა საუბარი. არ შეიძლება, ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის ბოდიში და უადგილო იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი.
უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. ჯერ ერთი, რა დამოკიდებულებაა, სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს? თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდებათ შეკრება. მეორეც, იქნებ, ჩახედოთ, უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში ვინ არიან? შედიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, დაზვერვის სამსახური, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ვის ჰგონია, რომ პრემიერს მათთან ყოველდღიური შეხება არ აქვს და ყოველდღიურ საკითხებს არ განიხილავს?
ასე რომ, ესეც წარმოადგენს ისეთივე განცხადებას, რომელიც აცდენილია რეალობას. ჩვენ ვისმენდით ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტების რაღაც მოსაზრებებს, დაწყებული საზღვრების ჩაკეტვით, შეიარაღებული გადაადგილებების მოწყობაზე, რომ საქართველოს უნდა ესარგებლა რაღაცით. ეს ექსპერტები სხვას არაფერს აკეთებდნენ, გარდა იმისა, როგორ უნდა შეექმნათ საფრთხე საზოგადოებისთვის.
წელიწად-ნახევარია, რაც ომია და ვნახეთ, რომ ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გამოყენების, პანიკის შექმნის პირველი შემთხვევა არ არის. ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ხელისუფლება, მთავრობა, პრემიერი სწორად მოქმედებს და ის ე.წ. მრჩევლები, რომლებიც ჭარბად არიან მედიაში, არასწორი ფაქტებს ავითარებენ. ისინი შემდეგ წრეზე წავლენ და იტყვიან, შემოვიღოთ ვიზა, ჩავკეტოთ საზღვრები, ჩავკეტოთ ფრენა, გავაკეთოთ ეს, ავკრძალოთ ის. შემდეგ ჯერზე ყველამ გაიხსენოს, როგორ ჩაფლავდა მათი ექსპერტული აზრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.