არ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, როდესაც სისტემა ებრძვის მიხეილ სააკაშვილს – დეკანოიძის გამოსვლა ევროსაბჭოში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე დაესწრო. პოლიტიკოსმა სიტყვით ისარგებლა და ევროპელ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ესაუბრა.

ხატია დეკანოიძემ ქვეყანაში გაზრდილ პოლარიზაციაზე გააკეთა აქცენტი და მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური შურისძიების გამო, ამავე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები წაართვა.

“მინდა ხაზი გავუსვა, პოლარიზაციას საქართველოში ქმნის ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ახლა ციხეშია, რაც სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, როცა გვყავს პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად მაშინ, როცა სისტემა ებრძვის მას. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სერიოზული ფიგურა იყო უკრაინასა და ევროპაში ახლა პატიმარია. მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ავუხსენი მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა ახლა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. სწორედ ამიტომ გვაქვს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები”, – თქვა დეკანოიძემ.

ენმ-ის წევრმა ქვეყნის გამოწვევებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოლიგარქი საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

“მე მინდა ასევე ვისაუბრო საქართველოს გამოწვევებზე. დიახ ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები სახელმწიფო ინსტიტუტებში და მათ შორის საარჩევნო სისტემებში. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გვსურს თქვენთან ინტეგრაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვას გაერთიანებას ევროკავშირში. ასევე გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანაც გახდეს თქვენი ოჯახის წევრი. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებობს ოლიგარქი, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის საქართველოში დემოკრატიას. ის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპისთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს”, – თქვა ხატია დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – მადლობა კონგრესმენ ჯო უილსონს ძლიერი გზავნილებისთვის, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავენ
შემდეგი სტატიანატო-ს გენმდივნის მოადგილე – უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს