29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“არ მიეკაროთ!”- ბარბაქაძე ანაკლიაში დრონის პოვნასა და საფრთხეებზე საუბრობს

ანაკლიის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების აღმოჩენის შემდეგ, სამხედრო სპეციალისტები ქვეყნის უსაფრთხოების რისკებსა და თავდაცვის შესაძლებლობებზე ალაპარაკდნენ. თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ შავმა ზღვამ შესაძლოა სანაპიროზე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა გამორიყოს. ამასთანავე, ბარბაქაძე სვამს მწვავე კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის მზად საქართველოს შეიარაღებული ძალები მსგავსი გლობალური საფრთხეების მოსაგერიებლად.

“ზღვაში მოხვედრილი ყველა ასაფეთქებელი ნივთიერება, ეს იქნება ნაღმი, ეს იქნება დრონი თუ ეს იქნება სხვა რომელიმე ჭურვი ან აუფეთქებელი სარაკეტო რომელიმე სისტემის ნაწილი, ეს შეიძლება ზღვის გაორიყვის შემთხვევაში იყოს პრობლემა, ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ თუ ასეთი რამე გამოჩნდა, ხელი არ მოკიდონ, არ მიეკარონ, დარეკონ სპეციალურ სამსახურში და მივლენ ის სამსახურები, განაღმავენ ამას და მოქალაქეები იქნებიან დაცული. რით ვიცავთ თავს ამ დრონებისგან? ეს მეორე კითხვაა. ანუ ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს უფრო ასეთი მასშტაბის მქონე კითხვები და საფრთხეები. ჩვენ არ ვიცით რა შესაძლებლობები აქვთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ არ ვიცით რისთვის არის მზად ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება ჩვენი შეიარაღებული ძალები. მეტსაც გეტყვით, ჩვენ არ ვიცით, როგორ მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება”, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ტვ პირველთან.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ანაკლიის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ანაკლიის სანაპიროზე აღმოჩენილი ობიექტი საბრძოლო მასალის ფრაგმენტებს შეიცავს, თუმცა ამ ეტაპზე არ ასახელებენ მის წარმომავლობას.

უწყების ცნობით, აღმოჩენილი ნაწილები ექსპერტიზისთვის უკვე გადაგზავნილია და მათი ტიპისა და წარმომავლობის დადგენა შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანა შიშის მეთოდებით იმართება, ეს სისტემური წამებაა” — თეონა აქუბარდია
შემდეგი სტატიამეტროსადგურ “დიდუბეში” მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა, მოძრაობა შეჩერებულია