„არ მგონია, პოლიტიკური სარჩული ედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს” – ზარდიაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე

„რეალურად, მე არ მგონია, რაიმე პოლიტიკური სარჩული ედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს,” – პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ვანო ზარდიაშვილი ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ პროკურატურის დაინტერესებას, პოლიტიკურ კონტექსტს არ უკავშირებს. მისი თქმით, პოლიტიკური მიმართულებით საკითხის წაყვანა ოპოზიციის დღის წესრიგში შედის.

“ეს არის ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ ნებისმიერი კონკრეტული საქმეები დაუკავშირონ რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ მოძრაობას ან პოლიტიკურ მოქმედებას. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს,“ – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

საქმესთან დაკავშირებით, როგორც თავად აცხადებს, არ ფლობს ინფორმაციას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, ყველა პირი, მიუხედავად მისი წარსული საქმიანობისა, კანონის წინაშე თანაბარია.

„მე საქმესთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორმაციას, რეალურად, კანონის წინაშე არის აბსოლუტურად ყველა თანაბარი და თანასწორი, მიუხედავად მისი წარსულისა. სხვა კომენტარი მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი არ პასუხობს კითხვებს, რატომ მოხდა მაინცდამაინც ახლა, პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ხომ არ უკავშირდება ეს გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ ველზე შესაძლო გააქტიურებას.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი – ბიძინა ივანიშვილი გურიის ოკუპაციას განაგრძობს