“არ მეგონა, ამ განცხადებას თუ გააკეთებდით”- ეკა ბესელია დავით უსუფაშვილს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას დეპუტატ ეკა ბესელიას უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც ბესელიამ უსუფაშვილის საპასუხოდ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როცა პარლამენტისადმის შეტევაზეა საუბარი, ყველა საკითხთან დაკავშირებით პრინციპული და თანმიმდევრული პოზიცია უნდა დაფიქსირდეს.
ბესელიას თქმით, ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინსტიტუციური შეტევა ხორციელდება და აქაც პრინციპულობის გამოჩენაა საჭირო.
“არ მეგონა, ამ განცხადებას თუ გააკეთებდით. კარგია, რომ ეს განცხადება გაკეთდა. ძალიან პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტს მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეს, როცა ასეთი ფაქტები ხდება და იმედი მაქვს, რომ ასეთ ფაქტებს ხშირად ადგილი არ ექნება, მაგრამ თუ ექნება, პოზიცია უნდა იყოს თანმიმდევრული და პრინციპული, იმის მიუხედავად, თუ ვის ეხება ეს. ველოდები, რომ პარლამენტს ასეთი პოზიცია ექნება, როცა ინსტიტუციურად ხდება შეტევა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, ისეთი ტიპის შეურაცხყოფები და ცილისწამებები ხდება, რაც ბოლო პერიოდში ისმის. არ არის აუცილებელი, ვინმეს თავში მოხვდეს და ფიზიკურად დაზარალდეს. შესაძლოა სიტყვას გაცილებით მეტი მძიმე შედეგი მოჰყვეს. ასეთივე პრინციპული და თანმიმდევრული პოზიცია უნდა გვქონდეს, როცა ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან – ოპონენტი იქნება თუ თანამოაზრე, როცა პარლამენტის მიერ მიღებული კოლექტიური გადაწყვეტილებების შემდეგ, დაუშვებელი და ამაზრზენი შეტევა ხდება, რომლის მოწმეებიც ბოლო პერიოდში ვართ. თქვენგანაც ველოდები, რომ ასეთი პრინციპული პოზიცია იქნება ყოველთვის”, – მიმართა ბესელიამ დავით უსუფაშვილს.
დავით უსუფაშვილმა ბესელიას განუმარტა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყველას მიმართავს, პატივი სცეს პარლამენტს როგორც ინსტიტუტს, მის წევრებსა და გადაწყვეტილებებს.
“თუკი დავიწყებთ ასე ფენებად დაყოფას – ვის მიმართ რაიმე შეიძლება და ვის მიმართ არა, ძალიან ცუდ რაიმეს მივიღებთ. ასეთი შედეგები ამ ქვეყანაში ყოფილა. დიახ, პრინციპული დამოკიდებულებაა საჭირო და აუცილებელი. თუკი რომელიმე თქვენგანს პირადად ჩემთან რაიმე სათქმელი გაქვთ, რომ რაიმე ფორმით უპრინციპო პოზიცია დავიკავე, ძალიან გთხოვთ, ეს ცოტა უკეთ განმიმარტეთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა ბესელიას საპასუხოდ.
ბესელიამ კი დააფიქსირა, რომ პრინციპული პოზიცია უნდა ფიქსირდებოდეს ყოველთვის და არ არის აუცილებელი, ვინმეს თავში მოხვდეს რაიმე.
“ქალბატონო ეკა! ახლა გასაგებია. თქვენ გვიწუნებთ არა უპრინციპობას, არამედ მეტი პრინციპულობისკენ მოგვიწოდებთ. ძალიან კარგი. ქალბატონმა ეკამაც და ყველამ მოწოდება მივიღოთ იმისთვის, რომ ვიყოთ პრინციპულები და ერთიანი სტანდარტი გვქონდეს ყველა ჩვენგანისადმი და როცა ვინმეს რაიმე გვეტკინება, პრინციპულობა მაშინ არ გაგვახსენდეს”, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: მთავრობა ამას საერთოდ არ აღიარებს პრობლემად
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით და ჩვენი მშვიდობიანი გზა არ შეიცვლება