,,არ გვაქვს უფლება, ემოციური გადაწყვეტილებებით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და მომავალი”

ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს მედიას 10 გამოწვევა და საკითხი გააცნო, რომლის შესახებ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი იმუშავებს.

როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა. ჩვენი საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი დისკუსიაა, როგორი პოლიტიკური დებატებია ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში. გვინდა, ამ თვალსაზრისით ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მაგალითად, ასეთი არის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების მხარდაჭერა. განვიხილავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც მათ ექნებათ კიდევ უფრო განსაკუთრებული სტატუსი და დაფინანსება, ეს სოფლები შეძლებენ, მიიღონ უფრო მეტი მხარდაჭერა ხელისუფლების და სახელმწიფოს მხრიდან რადგან ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური დებატებით, არამედ ბიუჯეტითა და საკანონმდებლო თვალსაზრისით ეს მიმართულებები არის გამაგრებული ბოლომდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მხარს უჭერს პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენს პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რამე ემოციური გადაწყვეტილებებით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და მომავალი. ამიტომ გზა, რომელიც დავისახეთ, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და, ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ გვესახება. ამაში ჩვენ საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას ველით მომავალშიც“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს მთავარი გამოწვევები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიიდან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დადგა და, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს.

საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს ყურადღებას: საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედვეელობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ვერავინ გაიგო, რა შუაში იყო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია