არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი შენიშვნა გაზიარებული იქნას, ზოგიერთი -არა

ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილი გაიზიაროს, ნაწილი კი – არა.

”შენიშვნები ჯერ არ მინახავს, თუმცა საჯარო სივრციდან ვფლობ ინფორმაციას, რომ შენიშვნები 6 საკითხს ეხება. ამ 6 საკითხიდან რამდენიმე საკითხი აქტუალური მგონია და პირადად ვაკრიტიკებდი ამ საკითხებს. მაგალითად, მე არასწორი მგონია, რომ შენარჩუნდეს მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, ამის შესახებ მე საჯაროდაც განვაცხადე. სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, ძველი და ახალი კანონითაც შენარჩუნდა იუსტიციის საბჭოს მხრიდან სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის პრაქტიკა. მე ვიყავი არჩევის მომხრე. უბრალოდ კამათი მიდიოდა ორ თემაზე, მომხდარიყო არჩევა კენჭისყრით თუ წილისყრით. მე წილისყრის მომხრე ვიყავი. მე არ მომწონდა ასევე, რომ ჩვენ შემოვიღეთ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობასთან მიმართებაში მინიმალური წევრთა რაოდენობა და არ შემოვიღეთ მაქსიმალურ წევრთა რაოდენობა. მე ამ საკითხს ვსვამდი კიდეც. კანონის არსი მდგომარეობს ხელისუფლების შებოჭვაში. უნდა შებოჭოს ხელისუფლების განშტოებები და თავისუფლება მისცეს მოქალაქეებს. ვფიქრობ, კანონში უნდა ყოფილიყო ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რამდენი უნდა იყოს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობა. დანარჩენ 4 შენიშვნას გავეცნობი. ეს 2 მომხვდა ყურში. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი შენიშვნა გაზიარებული იქნას და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი შენიშვნა გაზიარებული არ იყოს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

banner
წინა სტატიაშიმასაჩუსეტსის პოლიციამ აღმოაჩინა საწოლი, სადაც 20 მილიონი დოლარი იყო დამალული
შემდეგი სტატიაპოლონეთში უკრაინელები ცემეს წინადადების გამო, რომ ლვოვი უკრაინას ეკუთვნის