არ დატოვოთ მედია მარტო – ნიკა კაციას წერილი ციხიდან

“არ დატოვოთ მედია მარტო. ჩემს კოლეგებს, არასდროს არავინ არ მიუტოვებიათ და ჟურნალისტებს ახლა, დრაკონული რეგულაციებით, განსაკუთრებულად ერჩიან” – ამის შესახებ პროევროპულ აქციაზე დაკავებული ტელეწამყვანი, ნიკა კაცია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

სამოქალაქო აქტივისტი ასევე საზოგადოებას სთხოვს, რომ 12 ივნისს ყველამ მოახერხოს და დაესწროს მათე დევიძის სასამართლო პროცესს.

გამარჯობა, როგორ ხართ მე გადასარევად ვარ. ორი თხოვნით მოგმართავთ.

1. არ დატოვოთ მედია მარტო. ჩემს კოლეგებს, არასდროს არავინ არ მიუტოვებიათ და ჟურნალისტებს ახლა, დრაკონული რეგულაციებით, განსაკუთრებულად ერჩიან. იხმაურეთ! დაიცავით სიტყვის თავისუფლება.

2. მთელი გულით გთხოვთ არ მიატოვოთ მათე დევიძე, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. მაგრამ აქციებზე ვხედავ და ვიცი, თანამებრძოლები არასდროს მიუტოვებია. 12 ივნისს, მისი ბოლო პროცესია და იქნებ შეძლოთ დიდებმა და ზოგადად ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, გააგონოთ თქვენი ხმა! არ დატოვოთ მარტო იმ ნავში, რომელშიც მათეს სიტყვებით იძირება. არ მიატოვოთ ქვეყანა”- წერს ნიკა კაცია.

2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნებამ“ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანა.

პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.
გარდა ამისა, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ კანონით დაპირისპირების პარალელურად, „ქართული ოცნება” სარეკლამო ბაზარსაც უტევს.

მელაძის თქმით, იმ კომპანიების დიდმა ნაწილმა, რომლებიც „ტვ პირველის” ეთერში თავიანთ რეკლამას ათავსებდნენ, არხთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
რაც შეეხება ნიკა კაციას, ჟურნალისტი 7 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოება საქმეს “შეკერილს” უწოდებს და კაციას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები, ჩინეთში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ
შემდეგი სტატიამედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებს