არ დასრულებულა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის – იუნკერთა ხსოვნას ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

საბჭოთა ოკუპაციის დღე – მემორიალთან ყვავილები უკვე მიიტანეს ოპოზიციის ლიდერებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთი რჩება, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებენ.

„საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლების და ევროპული მომავლისთვის. საქართველო დღესაც არის ოკუპაციის ქვეშ, საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში – ევროპაში დასაბრუნებლად,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები იუნკერების თავდადებას იხსენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რა გზა გაიარა საქართველომ, რომ დღევანდელ დღემდე მოსულიყო.

„თავისუფლება მოდის ბრძოლით, წვალებით, შრომით და რომ ამას სჭირდება დაცვა იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, იგივე მტრის მიერ,“ – ამბობს ბარამიძე.

ამ წუთებში იუნკერთა მემორიალთან პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან.

საბჭოთა ოკუპაციის დღედ 25 თებერვალი 2010 წელს გამოცხადდა და სწორედ მას შემდეგ საქართველოს დროშები დღევანდელ დღეს ყველგან დაშვებულია.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგით, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა – ბახტაძე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა