“არ არსებობს სფერო, სადაც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არაა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო”

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

“ქართული ოცნება – პროევროპული, “ნაციონალები” – ანტიევროპა”.

ასეთია იმ წერილის ქვესათაური, რომელშიც ყოფილ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს.

“სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა, მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია, რაც უპირველესად, განვითარებულ დემოკრატიას და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს.

სინამდვილეში, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად.

სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან. რა მდგომარეობა იყო “ნაციონალების” დროს.

ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა.

ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა.

ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ.

ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს – არაფრის.

ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!

ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას – სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი, დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი.

ამ უსამართლობასა და განუკითხაობას აგვირგვინებდნენ დაქირავებული მეხოტბეები, რომლებიც ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდნენ და ”მიშა, მიშას!” გაჰყვიროდნენ.

ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას.

ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც “ახალი ადამიანის” ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა.

ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.

უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე.

banner
წინა სტატიაში“სიცრუის მანქანამ” ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი”
შემდეგი სტატია,,ბიძინა ივანიშვილს ხალხთან გასასვლელად დამატებითი მანდატი არ სჭირდება”