“არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, რომლის საფასურიც არავითარი ოდენობის თანხა არ არის.

გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ დაადასტურა, რომ შესრულდა „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირის მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით.

„პირადად ჩემთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე. არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი, თუ 100 მილიონი. კიბატონო, დასამალი რა არის, შესრულდა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი, ბევრჯერ დასახელდა, დასამალიც არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუშინ ერთს ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – დანაშაულის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპერაცია ბოლომდე დასრულდეს