“არ არსებობს ადამიანი, პიროვნება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის საუკუნოვან ურთიერთობას”

რეალურად ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ურთიერთობები, რომელიც იყო შესული რაღაცა გაუგებრობაში და არა ჩიხში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საჭირო იყო ბევრი რამის ერთმანეთში გარკვევა.

„ვუბრუნდებით იმას, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობების ნორმა და უნდა გვემუშავა იმ მიმართულებით, რაც არის ორი ქვეყნის აუცილებელი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რამდენი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაწყებული ოკუპაციიდან, ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან დიდი გამოწვევა, რაც ჩვენც და უკრაინასაც პრინციპში ხელს უშლის, რომ წინ წავიდეთ ბევრად უფრი სწრაფად. ოკუპაციის მიმართ ჩვენ ვიცით, რომ ახალი სტრატეგია მუშავდება, მათი მხრიდანაც არის სურვილი, რომ ამ თემებზე ყირიმის პლატფორმის დროს იყოს ჩვენი ხედვების შეჯერება. პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას, მონაწილეობას უთუოდ მივიღებთ. როცა ვამბობ, რომ უნდა ვიმუშაოთ და ის დაკარგული დრო აღვადგინოთ, ეს პირველ რიგში ეხება ევროკავშირს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბათუმში გვექნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია, არამედ ამჯერად ასევე ტრიოს სამიტი, რომელსაც დაესწრება შარლ მიშელი და რომელიც მოგვცემს საშუალებას, ძალიან კონკრეტულად, რომ ჩვენ, უკრაინამ, საქართველომ და დიდი იმედი მაქვს მოლდოვამ, რადგან ველოდებით მოლდოვაში არჩევნებს, სამივემ შევძლებთ, დავსახოთ ის გზა, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო დაახლოებამდე და ინტეგრაციამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პიროვნება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის მართლაც საუკუნოვან ურთიერთობას.

„ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მიხვდა, ეს არ იყო საჭირო და უკრაინამ ყოველ შემთხვევაში ეს აღიარა. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში დავპატიჟე 18 ივლისს. უკვე მზადება არის ამ შეხვედრის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ დავიწყებთ მუშაობას ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, თუ ეს ასოცირებული ქვეყნები, რა მხრივ შეიძლება რომ წინ წაიწიონ ევროპასთან ინტეგრაციისკენ, სექტორალური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, შავ ზღვაზე რა შეიძლება რომ გაკეთდეს, შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ასევე ნატო-სთან არის დაკავშირებული. ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ ყველა ამ საკითხში ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ევროკავშირის პარტნიორებთან, რომლის ინტერესი მზარდი არის ჩვენი რეგიონის მიმართ და ნატო-ს პარტნიორებთან. ჩვენ შევაფასეთ დადებითად ნატო-ს სამიტი. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამიტი, ეს იყო უფრო ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და ნატო-ს პარტნიორების გაცნობითი და პირველი ასეთი შეხვედრა, მაგრამ ის გზავნილები, რაც ჩაიწერა სამიტის განცხადებაში ჩვენს მიმართ, არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან სერიოზული და ამიტომ ამის მიმართ რაღაცა ორი გზის შეხედულებები არ შეიძლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური: გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია NDI -ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა