არ არის გამორიცხული, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და შესაძლებელია, ვიხილოთ პარტიები ერთად ერთ სივრცეში, რომლებიც ისაუბრებენ 12 პუნქტთან მიმართებით – სიმონიშვილი

პარლამენტში ევროკომისიის მესამე რეკომენდაციაზე მსჯელობენ, რომელიც სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით რეფორმის მომზადებას ითვალისწინებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს დისკუსია სასამართლოში არსებულ ვითარებასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს შინაარსობრივ საკითხებზე მოსაზრებებს წარუდგენენ. სიმონიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლა მოხდეს არა უბრალოდ სამუშაო ჯგუფში, არამედ საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში, სადაც ამ საკითხის შესასწავლად ფართო მონაწილეობის შესაძლობელობა იქნება.

„პროცესი უნდა გაიხსნას და შესაძლებლობა გვაქვს, ამ საკითხებზე ვისაუბროთ, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება მოსმენილი და შესმენილიც. უფრო ძირეული პრობლემებია სასამართლო სისტემაში. ევროკომისიის მესამე რეკომენდაცია სასამართლო სისტემაზე საუბრობს, სისტემურ ცვლილებებზე მიგვითითებს და გვეუბნება, რომ ფუნდამენტური ცვლილებები უნდა გატარდეს და არა ისეთი ზედაპირული, როგორსაც ხელისუფლება გვთავაზობს. საუბარია კლანურ მმართველობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე, საბჭოს წევრების კონსენსუსით დანიშვნასა და იმ ფუნდამენტურ ნაბიჯებზე, რომლებიც ითვალისწინებს არაფორმალური გავლენების ჯგუფის შესუსტებას.

დღიდან დღემდე შეხედულებები და დამოკიდებულებები იცვლება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს ორივე მხარესთან. აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთად უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ. ამიტომ არ არის გამორიცხული, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და შესაძლებელია, მათ შორის კრიტიკული პოზიციების მქონე, ერთმანეთთან შეუთანხმებლობით ვიხილოთ ეს პარტიები ერთად ერთ სივრცეში და ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში, არამედ ზოგადად 12 პუნქტთან მიმართებით. მოვისმინეთ ევროპარლამენტარების კრიტიკაც პარალელურ პროცესებთან დაკავშირებით. ეს კრიტიკა მიემართებოდა მათ შორის ოპოზიციის და არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის ერთად დაწყება. შესაძლებელია, ორივე მხარეს ჰქონდეს კონსულტაციები ჩვენთან ცალკეც და ეს ნორმალურია, მაგრამ საბოლოოდ ერთი გადაკვეთის წერტილამდე უნდა მივიდეთ, ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, ყინული მეტ-ნაკლებად დაძრულია და არის იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ერთად დავსხდეთ და ერთად ვისაუბროთ. შეიძლება, ერთი კვირის წინ ჩვენ უფრო ცუდი სიტუაცია გვქონდა, თუმცა დღეს არ ვფიქრობ, რომ ასეთივე სიტუაციაა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 42 დღის ვადაში 607,35 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიაროცა 2015 წელს პირველად შეექმნა პრობლემა ბანკთან, ჰქონდა ეჭვი, ხომ არავინ მსჯისო, მაგალითად აშშ – უსუფაშვილი ივანიშვილზე