აქვს თუ არა კითხვები პროკურატურას ალასანიასთან- მთავარი პროკურორის პასუხი

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებებს. შოთაძე დაცვის მხარისა და თავისუფალი დემოკრატების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი საქმის პოლიტიზირებას ცდილობენ. მისივე თქმით, დაცვის მხარემ ვერ შეძლო სასამართლოში წარედგინა მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულთა უდანაშაულობას დაადასტურებდა.

„დაცვის მხარე არანაირ მტკიცებულებებზე არ საუბრობს, იმიტომ, რომ მათ მტკიცებულებები უბრალოდ არ აქვთ. სასამართლოში მათ ვერ წარადგინეს ვერანაირი მტკიცებულებები. წაიყვანეს მხოლოდ 10 მოწმე, რომლებიც იყვნენ მსჯავრდებულების მეგობრები და მათ შორის დაკითხეს ჩვენი პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, რომელსაც რატომღაც უნდა მიეცა დაცვის სასარგებლოდ ჩვენება. შესაბამისად არანაირ მტკიცებულებებზე არ არის საუბარი. მიდის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები. მოტივიც არსებობს, მიზანიც არსებობს, განზრახვაც არსებობს. დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ პირადი ურთიერთობა გამარჯვებულ კომპანიებთან. არსებობს მათი კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის სატელეფონო, მათ შორის პირადი შეხვედრები, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათი მოტივი იყო, რომ დახმარებოდნენ კონკრეტულ კომპანიას, რომ მათ მიეღოთ სარგებელი,“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კითხვაზე არსებობს თუ არა საქმესთან დაკავშირებით კითხვები თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ვისი პასუხისგებაში მიცემაც საჭირო იყო უკვე დაპატიმრებულია.

„ამ ეტაპზე შესაბამისი სტანდარტით, რა მტკიცებულებებიც არის მოპოვებული, ის ადამიანები, ის პასუხისმგებელი პირები არიან უკვე მიცემულნი პასუხისგებაში და მათ მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეზე ვისი საჭიროებაც იყო, ყველა ის ადამიანი არის დაკითხული,“-განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) ქართული მხარე სოფელ ხურჩასთან მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს
შემდეგი სტატიაCharlie Hebdo-მ ჯამალა და რუსი მომღერალი ლაზარევი ღორებად დახატა