აქუბარდია – ის, რაც ახლა „ოცნების“ პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა

სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია! – ის, რაც ახლა „ქართული ოცნების” პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა, – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია.

აქუბარდიას თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შს მინისტრმა ჭიკაიძემ “საბურავების რევოლუცია” დააანონსა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ასეთი გამოძიება შარშან შემოდგომაზეც დაიწყო.

“არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება, მით უფრო მაშინ, როცა სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო “ოცნებამ” “შეკრების და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.

მთელმა მსოფლიომ იხილა 2-თვიანი მშვიდობიანი პროტესტი “რუსული კანონის” წინააღმდეგ, ისევე როგორც დღეს მიმდინარეობს მშვიდობიანი მზადება არჩევნების გზით რუსეთის ინტერესების გატარებაში მყოფი მმართველი პარტიის შეცვლისა.

ასევე საგულისხმოა “ოცნების” პროპაგანდა ამ საქმესთან დაკავშირებით გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, რითაც ისინი დასავლეთის მტრობაზე აკეთებენ მორიგად აქცენტს. პრემიერი დაჟინებული აგრძელებს პროპაგანდას ევროკომისრის მიერ მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ, მიუხედავად სუს-ის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებისა ამ საქმის უსაფუძვლობის შესახებ.

ფაქტი ერთია: – მშვიდობა მოაქვს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას, სადაც ომები არ არის, ხოლო ნგრევა და უბედურება რუსეთს, რომელზეც აკეთებს ფსონს “ქართული ოცნება”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – მაქვს იმედი, ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან
შემდეგი სტატიატრამპთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, რომ ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს – კობახიძე