აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით არის დაწყებული, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.