,,აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარლამენტთან – ვუსურვებ, ანა ნაცვლიშვილს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას”

ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან – საქართველოს პარლამენტთან, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

„ქალბატონ ანას ქართული საზოგადოების წინაშე წარდგენა მაინცდამაინც არ სჭირდება იმიტომ, რომ კარგად იცნობს ქართული საზოგადოება მის საქმიანობას, როგორც იურისტის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას, იმ სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. გამომდინარე მისი ხედვიდან, მისი კვალიფიკაციიდან, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს. მიხარია, რომ ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოასთან – საქართველოს პარლამენტთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ დათანხმდა ამ მიმართულებით გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცვლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

banner
წინა სტატიაშიდეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინდა
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი – იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი იმ გზას არ გაუყვება, რა გზასაც მისი წინამორბედი ადგა