29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“აქსიოსი”: დონალდ ტრამპის მიერ ირანთან მიღწეული შეთანხმება ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის “მწარე წამალია”

“აქსიოსის” ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან მიღწეული შეთანხმება ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის „მწარე წამალია“.

„ხუთშაბათს, საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ისეთი ამბავი გადასცა, რომლის მოსმენაც მას არ სურდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა“, – წერს გამოცემა.

„აქსიოსის“ ცნობით, ნეთანიაჰუ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებას ირანთან ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ.

როგორც გამოცემა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს თეირანში რეჟიმის შეცვლა გამოეწვია.

„ეს შესანიშნავი შეთანხმებაა და დროა, ეს ომი დავასრულოთ“, – წყაროს თქმით, განუცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუს.

თუმცა, როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „აქსიოსთან“ აღნიშნა, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ, „როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ მას არ შეუძლია, ტრამპს ხელი შეუშალოს შეთანხმების ხელმოწერაში“.

ამასთან, როგორც „აქსიოსი“ წერს, ირანთან ურთიერთობების გამწვავების შემდეგ ნეთანიაჰუ გეგმავდა ირანის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განხორციელებას, ვიდრე ტრამპი მას ბოლო მომენტში შეაჩერებდა.

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, როდესაც ტრამპმა აშშ-ირანის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან ერთი საათის შემდეგ დაურეკა ნეთანიაჰუს, მას გაკვირვება არ გამოუხატავს და არც წინააღმდეგობა გაუწევია.

„ნეთანიაჰუმ ალბათ იცოდა, რომ შეთანხმება მალე დაიდებოდა და მას არ შეეძლო მისი შეჩერება“, – აღნიშნა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

banner
წინა სტატიაშიLe Figaro – ევროკავშირს აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი წვრთნიდა რუს სამხედროებს, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს
შემდეგი სტატიაFrance 24: საფრანგეთში იშვიათი რუსული წიგნების ორგანიზებული ქურდობისთვის 6 ქართველს პატიმრობა მიესაჯა