დაზარალებულები პასუხების გარეშე – იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც “პირველებს“ უყვებიან, რა გადახდათ აქციების დროს თავს და დარბევების შემდეგ რა სიმპტომები განუვითარდათ ეტაპობრივად, დღითიდღე იზრდება.
ისინი ამბობენ, რომ ამდენი ხნის შემდეგაც, ჯანმრთელობის პრობლემები კვლავ აქვთ და ზოგიერთი მათგანი, ვერც იგებს, რა იწვევს იმ სიმპტომებს, რომელიც დღემდე უვლინდებათ.
მათი თქმით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში, დიაგნოზის დასადგენად მივიდნენ, თუმცა, ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დადგენა გაუჭირდათ.
რომ ამბობენ, აქამდე სად იყვნენ, რატომ არ ამბობდნენ, ვამბობდით, თუმცა ეს ადამიანები, ისედაც არ ესმოდათ და არ ინტერესდებოდნენ ჩვენი პრობლემებით, ისინი არ ისმენდნენ, თორე ძალიან ბევრმა ადამიანმა ისაუბრა ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებაზე. ჩემ დას საკმაოდ ხანგრძილვად გაყვა ეს სიმპტომები, ჩემს მეგობარსაც წნევის ცვალებადობა და თავბრუსხვევები დასჩემდა. მე მაგალითად საერთოდ არ ვიყავი ალერგიული და ამის შემდეგ დამეწყო ძალიან ცუდი ალერგია, ხველით და ხანდახან მგონია, რომ შესაძლოა, მოკვდეს ადამიანი, გულზეც მქონია პრობლემები, სუნთქვის შეუძლებლობა, – აცხადებს თამარ გოგოლაძე.
კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც “პირველებმა“ ჩაწერა, ამბობს, რომ ამ ამბებიდან 3 თვის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის [ჩიყვი] საკმაოდ მძიმე ფორმა დაუდგინდა.
გაზიც რომ არ ყოფილიყო გაშვებული, ყელი მაინც გეწვოდა. ამ ამბებიდან 3 თვის შემდეგ, დამიდგინდა საკმაოდ მძიმე ფორმა ჩიყვის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის, ტოქსიკური. ექიმი მეუბენბა, რამე ისეთ სამსახურში ხომ არ მუშაობ, სადაც ტოქსიკური ნივთიერებები, ან გამოსხივებაა. მსგავს სამსახურში არასდროს მიმუშავია, არ მაქვს ასეტი სამსახურები, სახლშიც სულ ვერიდები, კვებასაც ვაქცევ ყურადღებას, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ, ამიტომაც გამიკვირდა. თუმცა, მერე რომ მოვისმინე, ამასაც დაემართა, იმასაც, სიმპტომები ერთიდაიგივე, ყველას რარაც გაურთულდა, მეც შეიძლება მქონდა ეს ორგანიზმში, მაგრამ რაც სუსტი ადგილი იყო, იმას დაარტყა, – ამბობს ვანდა იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

















