აქციების შემზღუდავ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს

ოლიგარქის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე აქციებთან დაკავშირებულ, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა.

ივანიშვილის პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება – რეჟიმს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეაქვს.

15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

  • სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
  • იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
  • განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
  • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”.

იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევად ორგანიზატორი ჩაითვლება, მას 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

“შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდარმღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.” – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.

ამასთან ერთად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს ისეთ მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება.

“იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანრმთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.” – აცხადებს კირცხალია.

მისივე თქმით, “ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებას 1 წლამდე ვადით. ხოლო, მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით.”

ასევე ცვლილებებით, 1 წლამდე პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეუარცხყოფას ან არ დაემორჩილება მის განკარგულებას.

“სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი – თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.” – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ.

banner
წინა სტატიაშიპარტიების აკრძალვის კანონთა პაკეტს პარლამენტში მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიაოკუპანტთა მორიგი იერიში უკრაინულ ენერგოსისტემაზე