ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული”, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულმა ნათია ძიძიგურმა თქვა, რომ იგი პოლიციამ სექსუალურად შეავიწროვა. ძიძიგურის თქმით, პოლიციამ იგი დაკავების შემდეგ მანქანაში გადაიყვანა, სადაც ახალგაზრდა ქალს სავარძელზე დაჯდომის უფლებას არ აძლევდნენ და წინასწარი დაკავების იზოლატორშიც სწორედ ამ მდგომარეობაში – მანქანაში მუხლებზე მდგარი გადაიყვანეს.
“ჩემი დაკავება ძალიან მოულოდნელად მოხდა, მე ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი დუმბაძეს, თმებში ექაჩებოდნენ და 10 პოლიციელი კისერში ექაჩებოდა და როდესაც დავინახე ეს ფაქტი, უბრალოდ პოლიციელთან მივედი და ვუთხარი, ნუ აკავებთ-მეთქი.
ერთ-ერთი პოლიციელი, ვინც დაკავებამდე ჩემი მისამართით გამოირჩეოდა ძალიან აგრესიულად, როგორც კი დამინახა, გადმოვიდა ეგრევე გინებაზე, მაგინებდა და ასე ჩამსვა დაკავების მანქანაში. დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება”. – ამბობს ძიძიგური.
ძიძიგურის თქმით, იგი მანქანაში მასთან ერთად მყოფ პოლიციელებს სთხოვდა, რომ მანქანის სავარძელზე დაესვათ, თუმცა პოლიციელებმა მას ამის უფლება არ მისცეს.
“ისინი ძალიან დამამცირებელი ჟესტით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ, მუხლებზე დამაყენეს ძირს მანქანაზე, არადა უკანა სავარძელზე მხოლოდ 1 პოლიციელი იჯდა და მათ მე ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ამას არ აკეთებდნენ. თან მივმართავდი, რომ “თუ შეიძლება, დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესებით დარღვევით გადავადგილდები”. მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, “ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ”, “ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ”, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი და ისე გადავყავდი”. – თქვა ძიძიგურმა.
ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მის დაკავების ოქმში ქალი პატრულ-ინსპექტორის სახელი ჩაწერეს და არა იმ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამაკაცის, რომელმაც ის სინამდვილეში დააკავა.
“მათი სახეების იდენტიფიცირება შემიძლია და ასევე შემიძლია იმ პოლიციელის იდენტიფიცირებაც, ვინც მე დამაკავა. აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ თვითონ განყოფილებაში ოქმი ვინც შემიდგინა, დამკავებელ პირებში ჩაწერეს პატრულ-ინსპექტორი ქალის სახელი და მე დამაკავა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. მისი ფოტოც მაქვს და შემიძლია მისი იდენტიფიცირება. ჯერ ჩემი სასამართლო არ ყოფილა და უკვე ცრუ მოწმე დამიყენეს, რომ სხვამ დამაკავა, არადა ასე არ ყოფილა”. – თქვა ძიძიგურმა ფორმულასთან საუბრისას.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 16 პირი დააკავა.