აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსით 3 პირია დააკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

მოძრაობა „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება ასევე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა, ნებისმიერი მათგანის დაცვაზე უარს ვაცხადებ
შემდეგი სტატია„ლელო საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებას განაგრძობს