აქცია “ყაზტრანსგაზის” შენობასთან – “სამოქალაქო მოძრაობა” მამუკა კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

სამოქალაქო მოძრაობა ყაზტრანგაზის დირექტორის გადადგომას ითხოვს და მამუკა კობახიძეს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღიან ვადას აძლევს.

მოძრაობის დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის, თქმით, დიღომში მომხდარი ტრაგედია პირდაპირ უკავშირდება მენეჯმენტის უპასუხისმგებლობას. მისივე თქმით, ინტერესთა კონფლიქტია ის გარემოებაც, რომ მამუკა კობახიძე, კერძო კომპანიის დირექტორობასთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც მუშაობს.

“მთავარი მოთხოვნა არის ერთი, რომ ადამიანი, რომელიც არის გენერალური დირექტორი ამ ყაზტრანსგაზის – მამუკა კობახიძე, რომელიც იმავდროულად მერიის სატრანსპორტო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია, თანამდებობიდან უნდა წავიდეს. საზოგადოებრივი საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც შევლენ დარგის სპეციალისტები და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანები, რომლებსაც ჩააბარებს ანგარიშს ეს კომპანია, რას აპირებენ, რას აკეთებენ, დაუყოვნებლივ რა არის გასაკეთებელი და ასე შემდეგ, რომ ჩვენ დანარჩენი საზოგადოება ვიყოთ ინფორმირებული,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის, განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მამუკა კობახიძის გადადგომაა. გიგა მაქარაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის არ იგრძნობს მასზე დაკისრებულ პასუხისმგრბლობას, აქტივისტები იზრუნებენ იმაზე, რომ კომპანია ყაზტრანსგაზი საქართველოდან გაქრეს.

“ეს კომპანია თითოეული ჩვენგანის ოჯახში შემოდის და მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე აქამდე. ჩვენ მოვედით ბატონი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. ამ ადამიანმა უნდა იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას დააკისრა საქართველოს მოსახლეობამ, თუ არადა ჩვენ – სამოქალაქო საზოგადოება, აუცილებლად ვიბრძოლებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს კომპანია საქართველოდან გაქრეს,” – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია” – გაერთიანებული ოპოზიცია ოკუპაციის ხაზთან
შემდეგი სტატიასანზონაში სუპერმარკეტი ” ნიკორა” გაქურდეს