ძალიან ბევრი რამ ხდება საქართველოში, თუმცა სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება

მერკელი

საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა კითხვის პასუხად, რამდენად მზად არის, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, რომ მომავალში მივიღოთ დემოკრატიული სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

„რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, ფაქტი, რომ აქ ვიმყოფები, ეს არის ცალსახა ნიშანი იმისა, რომ მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა. საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მათ შორის ოპოზიციისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად მასმედია და მას შეეძლოს თავისუფლად განვითარება. რა არის დემოკრატია, ეს არის არჩევნებში უმრავლესობის გამარჯვება, მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისი შეფასებით, ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა და გერმანია ამ გზაზე საქართველოს კვლავ მხარს დაუჭერს.

„ჩვენ კვლავინდებურად მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ გზაზე და მის სამხრეთ კავკასიელ მეზობლებს. ძალიან საინტერესო პროცესები იყო სომხეთში რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ რადგან იქ არ არის ნედლეული და ჰყავს მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი, ბუნებრივია, სომხეთში არის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან დიდია რუსეთზე დამოკიდებულება. აზერბაიჯანი სრულიადაც არ არის შედარებადი საქართველოსთან დემოკრატიულობის, დემოკრატიზაციის მხრივ, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისადმი სამართლიანი მიდგომა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, თავისუფალი პოლიტიკური მართლწესრიგი და ეკონომიკა ადამიანების ცხოვრების დონის გაზრდის საფუძველია.

„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რადგან თავისუფალი პოლიტიკური მართლწესრიგი კარგია, თავისუფალი ეკონომიკა ძალიან კარგია, ეს კი თავის მხრივ, არის საფუძველი უბრალო ადამიანების ცხოვრების დონის გაზრდისა“, – აღნიშნა კანცლერმა.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში სოციალური მდგომარეობა რთული რჩება.დემოკრატია კი, აღიარებადია მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში.

„ძალიან ბევრი რამ ხდება საქართველოში, თუმცა სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება. დემოკრატია აღიარებადია მხოლოდ და მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური წარმატების ჭრილში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანულ მხარესთან „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ოლაფ ციმელკას შეხვდა