აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია

თბილისის მერიის აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

„მიმდინარე წლის 15 მაისიდან გაეშვა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, დააფიქსირონ კონკრეტული საკითხი, რომლის მოგვარებაც ხდება. მაგალითად, დაზიანებული სივრცის თუ დეტალის აღდგენა. სამწუხაროდ, ბევრია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეების აქტივობა მნიშვნელოვანია. 15 მაისიდან დღემდე, აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეების მხრიდან სულ დაფიქსირებულია 3 386 საკითხი. მათგან 1 880 – საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება, 272 – გარე განათების დაზიანებას, 282 – მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანებას, 952 – საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საანგარიშო პერიოდში დასრულებულია 621 საკითხზე მუშაობა, რაც ამავე კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საგზაო ინფრასტრუქტურა – 414; გარე განათების დაზიანება – 41; მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანება – 59; საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება – 107. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 1 652 საკითხზე, რაც კატეგორიების მიხედვით არის გადანაწილებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნულ აპლიკაციაზე საუბრის დროს განმარტა სტატუსის – „დაყოვნებული“ მნიშვნელობა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ კონკრეტულ საკითხებს ენიჭება.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ მხოლოდ აპლიკაციაში არსებული კატეგორიების შესაბამისი საკითხები, სხვა საკითხის არსებობის შემთხვევებში კი, მიმართონ ცხელ ხაზს.

„სისტემაში, მოქალაქეებმა შესაძლოა ნახონ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დაყოვნებული“, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ვერ ხერხდება საკითხის მოგვარება. მაგალითად, თუ ბიუჯეტით მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი კონკრეტული ტერიტორიის რეაბილიტაცია ან საჭიროა ტენდერის გამოცხადება. ამ მომენტისთვის, „დაყოვნებულის“ სტატუსი აქვს 529 საკითხს, რაც კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული. „ფიქს თბილისში“ განსაზღვრულია კონკრეტული კატეგორიები, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება 584 გაუქმებული საკითხი, რომელიც არ შეესაბამებოდა არცერთ კატეგორიას და მოქალაქეების მხრიდან აპლიკაციაში მათი შეყვანა არასწორად მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აპლიკაციაში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარკვეული დროის შემდეგ, შევძლებთ კატეგორიების დამატებას. შეიძლება ხარვეზებიც იყოს და ამასაც ვასწორებთ ეტაპობრივად. როდესაც პრობლემას ვაფიქსირებთ, უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიებს, რომელიც აპლიკაციაშია მოცემული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც ჩართულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და გვეხმარება, რომ ჩვენს ქალაქზე ერთად ვიზრუნოთ. ეს აპლიკაცია არის სწრაფი შესაძლებლობა, რომ პრობლემები მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, „მაკდონალდსში“, მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია
შემდეგი სტატიაპრემიერი – თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის მედია გარემოზე. 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არც ერთი ნორმალური, ძლიერი, დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი, დღეს უამრავი ტელევიზიაა და აქ ხართ წარმოდგენილნი