აფხაზური ოპოზიცია საეთერო დროს ითხოვს

აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტებმა – ,,ახაზცა” , „ვეტერანებისა და ახალგაზრდების კავშირი“ და ,,ასარკალმა” აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის გენერალურ დირექტორ ირინა აგრბას მიმართეს.

მიმართვაში საზოგადოებრივი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ტელევიზიის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ პირდაპირი ეთერის სერია გამართოს ორ ძირითად და აქტუალურ საკითხზე. ერთი საკითხი ეხება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რომელიც შეტანილია თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში, მეორე კი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ნოტას, კერძოდ, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკებს.

„პირველი საკითხი შეეხება კანონპროექტს უცხოური აგენტების შესახებ და ხელისუფლების გეგმებს, რაც სერიოზულ შეშფოთებასა და დებატებს იწვევს საზოგადოებაში, რადგან ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაზე. ხალხში განხეთქილებას შეიტანს, რაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აისახება ათასობით ჩვენს თანა-მოქალაქეზე. მეორე საკითხი უკავშირდება ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების შესახებ რატიფიცირებას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოუგზავნა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მომავლისთვის და იმსახურებს ღია და გამჭვირვალე დისკუსიას“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა უკიდურესად აუცილებელია აფხაზეთის, როგორც „სანდო პარტნიორის“ იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად „განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის კონტექსტში.“

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ კოალიციას ქართველი ხალხი არ დაუშვებს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, შეხვდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რათა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტი განიხილონ