“აფხაზთა კრება” სოფელ ხურჩაში მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვს

სოფ.ხურჩაში გიგა ოთხოზორიას საჯარო დახვრეტის ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზთა კრების ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“აფხაზეთში რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფ. ხურჩაში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავხედურად, უკიდურესი სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ჯგუფურად, დღისით-მზისით საჯაროდ დახვრიტეს 31 წლის აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. ჩვენ დიდი ხანია განგაშის ზარები გვაქვს შემოკრული აფხაზეთში არსებული კაცთმოძულე ფაშისტური რეჟიმის-რუსული გულაგის ბოროტმოქმედებებზე და მათზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე, მაგრამ ხელისუფლებისაგან მხოლოდ დუმილი, ოკუპანტისადმი ლაქუცი, ყბადაღებული ,,პრაგმატული პოლიტიკის“ მუდმივი კონსტატაცია და მარიონეტულ რეჟიმთან კრიმინალურ-მაფიოზური კავშირებია.

აგრესორის მიერ განხორციელებულმა ამ უაღრესად შემაძრწუნებელმა აქციამ უჩვენა ქართული სახელმწიფოს და პირველ რიგში ხელისუფლების სრული უსუსურობა, მინიმალური უსაფრთხოების სისტემის არარსებობა ენგურს იქით და აქეთ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის უმძიმესი, კანონზომიერი შედეგები.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და კატეგორიულად მოვითხოვთ:

1.უსწრაფესად, ყველა შესაძლო საშუალებებით დაკავებულ იქნენ მკვლელები და წარდგენილ იქნენ სასამართლოსათვის;

2. გამოვლენილი და დასჯილ იქნენ ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლები, რომელთა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის და გულგრილობის გამო არ იქნა აცილებული ეს ამაზრზენი მკვლელობა;

3. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების სისტემის არარსებობის გამო თანამდებობიდან გადადგნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;

4. დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ეროვნული უშიშრიების საბჭო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში უსაფრხოების სისტემის აღდგენისა და ეფექტური მოქმედების ღონისძიებათა შესამუშავებლად;

5. გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდეს გლოვის დღე და გაუქმდეს ყველა დაგეგმილი გასართობი ღონისძიება, მათ შორის აფხაზეთის ხელისუფლების მიერ 23 მაისს ,,აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი მარჯანიშვილის თეატრში.”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორცხელში ხელისუფლება ვითარების ესკალაციისთვის ემზადება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა” „ქართული ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ