აფხაზი სეპარატისტები თურქეთში საინფორმაციო ომს გვიგებენ…

თურქეთი ჩვენი უახლოესი მეზობელი და რეგიონში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც აზერბაიჯანთან ერთად საშუალება მოგვცა, რომ საქართველო მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანესი ტრანსნაციონალური პროექტების სრულფასოვანი პარტნიორი გამხდარიყო… ყოველივე ამან კი, ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი ქვეყნის, იმიჯის შექმნას და ,,აბრეშუმის გზის,, უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის ისტორიული ფუნქციის აღდგენის დაწყებას, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ზრდის ჩვენი ქვეყნის იმუნიტეტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და ენერგო-კრიზისების ფონზე.

მიუხედავად თურქეთ-საქართველოს ბოლო 25 წლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორუმზე თუ მოლაპარაკებებში აფიქსირებს თავის მტკიცე პოზიციას, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მას საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან ისეთი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, რომ თავად აფხაზები, ამ ქვეყნის მხრიდან საკუთარი რეგიონის აღიარებას, მხოლოდ ფორმალური და პრინციპული საკითხად თვლიან, რომელიც დროთა განმავლობაში მოგვარდება… ამის საფუძველს კი, აფხაზ სეპარატისტებს არა თურქეთის ხელისუფლება, არამედ თურქეთში ქართველებისთვის მოგებული საინფორმაციო ომი და ის ჩამოყალიბებული ურთიერთობები აძლევთ, რომელიც სეპარატისულმა რეგიონმა თავისი დიასპორების მეშვეობით თურქეთულ საზოგადოებასთან, კომერციულ წრეებთან და ადგილობრივი დონის სახელისუფლო სტრუქტურებთან დაამყარა.

მოგეხსენებათ თურქეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფს თავისი სათვისტომო აქვს, რომლის მეშვეობითაც ეს ჯგუფები თავიანთი ეთნო-კულტურის შენარჩუნებას და ისტორიულ სამშობლოსთან სასარგებლო კონტაქტების დამყარებას ცდილობენ… თუ ეს კონტაქტები ქვეყნის უსაფრთხოებას ხელს არ უშლის, ოფიციალური ხელისუფლება არ ერევა სათვისტომოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და ეს თურქეთში დადგენილი თამაშის წესებია, რომელსაც ვერავინ დაარღვევს. აქედან გამომდინარე საინტერესოა, როგორ უგებენ საინფორმაციო ომს აფხაზური დიასპორები ქართულ სახელმწიფოს თურქეთში, როცა თავად ამ ქვეყანაში ეთნიკური ქართულ-ლაზური დიასპორა სხავადასხვა მონაცემებით 7 დან 10 მილიონამდე ადამიანს შეადგენს, ხოლო აფხაზური დიასპორა, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადისლავ ჩირიკბას ცნობითაც კი – 200 დან – 700.000-მდე აბხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეა...?
-პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფალნი დიდ ყურადღებას, ძალისხმევას, ფინანსებსა და დროს ხარჯავენ საკუთარი დიასპორების ჩამოყალიბებასა და მათ გამოყენებაში, თურქულ საზოგადოებასთან საკონტაქტოდ, მათ საინფორმირებლად და შესაბამისად ამ ქვეყანაში მათთვის მომგებიანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად… მაშინ როცა ქართული სახელმწიფო, ამის საპირწონედ თითქმის არაფერს აკეთებს. ეს შეფასება, რომ მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აზრი არაა, ამის დასტურად ,,თაიმერს,, არაერთი ინფორმაცია მიუწოდებია მკითხველისთვის და ახლაც კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვანთ…

იმათ, ვისაც თურქეთის ქართულ დიასპორებთან ურთიერთობა ჰქონია, ალბათ იციან, რომ თურქეთში ქართული დიასპორის კულტურული ცენტრები ბოლო წლებში ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით არ გახსნილა… და შესაბამისად არც ქართულ მედიას გაუშუქებია მსგავსი რამ… ქართული სათვისტომოს კულტურული ცენტრები, რომლებიც მოქმედებენ დღემდე თურქეთის ტერიტორიაზე, მხოლო და მხოლოდ ადგილობრივი ქართული დიასპორის ინიციატივით და ძალისხმევით, კარგა ხნის წინ იყვნენ გახსნილი და ისინი რაოდენობრივად, ეთნიკურ ქართველთა რიცხობრივ შემადგენლობასთან მიმართებაში, ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტაა აგრეთვე იმ ღონისძიებათა რიცხვი, რომელსაც ქართული სახელმწიფო ამ ქვეყანაში მცხოვრებ მრავალმილიონიანი დიასპორის წარმომადგენლებთან ანხორციელებს… თუ არ ჩავთვლით თითო ოროლა ანსაბლის ჩასვლას ადგილობრივ კულტურულ ფესტივალებზე და დიასპორის მინისტრების იშვიათ ვიზიტებს, კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სახის ფორუმები და შეხვედრები, ქართული სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში საკუთარ დიასპორასთან მიმართებაში თითქმის არნაირი ღონისძიება არ განხორციელებულა… არაფერს ვამბობთ საინფორმაციო საიტებითა თუ სხვა სახის საინფორმაციო საშუალუალებებით, ქართული დიასპორის დახმარებით, თურქული საზოგადოების ინფორმირებაზე და აფხაზური საინფორმაციო ომის გამანეიტრალებელ ინფორმაციათა გავრცელებაზე.

2gP1W2აფხაზებს კარგად ესმით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობა და ამ ქვეყნის კეთილგანწყობა იმ არაღიარებული რეგიონისთვის, რომელსაც შავ ზღვაზე რუსეთის გარდა სხვა მეგობარი ქვეყანა არ ყავს, ამიტომაც აფხაზურ დე-ფაქტო ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული… ისინი, თურქეთის უმაღლეს ხელისუფლებას პირდაპირ ნაკლებად ეკონტაქტებიან, რადგან იციან, რომ ეს კონტაქტები მათ უხერხულობას შეუქმნის… სამაგიეროდ მათ უშუალო და ინტენსიური ურთიერთობა აქვთ საკუთარ დიასპორის წევრებთან და მათი მეშვეობით გადიან თურქულ საზოგადოებაზე, საშუალო და ქვედა დონის პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე. აღსანიშნავია, რომ აფხაზური დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი, თურქეთის რამდენიმე ქალაქისა და ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ პოსტებს ფლობს, რასაც აფხაზეტის დე-ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად და მოხერხებულად იყენებს და რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს მაგალითზე, რამეთუ ქართული საზოგადოება თურქეთის ხელისუფლებაში მყოფ ეთნიკურად ქართველ მინისტრებსაც კი არ იცნობს ხეირიანად.

დიასპორის კულტურულ ცენტრებს თურქეთში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რა თქმა უნდა არამარტო კულტურული ურთიერთობისათვის იყენებს… ისინი ამ ცენტრებში ატარებენ შეხვედრებს საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თურქეთის რეგიონალური დონის პოლიტიკოსებს შორის… იმართება ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ფორუმები, რომლებსაც მუდმივად ესწრებიან აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაციები, რომელთა შორისაც დე-ფაქტო ხელისუფლების მინისტრები, მათი მოადგილეებიც არიან და ასეთ ფორუმებში აფხაზები პოლიტიკურ თემებსაც არანაკლებად განიხილავენ … ამ ცენტრების მეშვეობით ისინი თურქულ საზოგადოებაში ეძებენ დასაყრდენს და იმ დივიდენტებს, რომელიც მომავალში მათ სასარგებლოდ იმუშავებს, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით… და ყველაზე მთავარი, ისინი ამ ცენტრების მეშვეობით აწარმოებენ საინფორმაციო ომს ქართული სახელმწიფო პოლიტიკის საზიანოდ, რომელიც აფხაზეთს თავის განუყოფელ და ისტორიულ ნაწილად მიიჩნევს!
ბოლო 2 წლის განმავლობაში, აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების ხელშეწყობით, თურქეთში 15-მდე ახალი აფხაზური სათვისტომოს კულტურული ცენტრი გაიხსნა, რომლებმაც თურქეთის ყველა მნიშვნელოვან ქალაქი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. ასეთი ცენტრები გახსნილია ქალაქებში: ანკარაში, სტამბულში, იზმირში, ბურსაში, ინეგოლში, ესკიშეჰირში, სამსუნში, საქარიაში, დუზჯეში, ქოჯაელიში, ბოლუში, კაიალარში… დარიერისა და ჰასანბეის დასახლებებში. აღსანიშნავია, რომ ამ თურქეთში გახსნილი აფხაზური დიასპორის კულტურული ცენტრები, მჭიდრო კორდინაციაში მუშაობენ დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო, კულტურის და დიასპორის სამინისტროებთან და მათთან შეთანხმებით გეგმავენ ღონისძიებებს. თითქმის ყველა ამ ცენტრს, თავისი თურქულენოვანი საინფორმაციო საიტი აქვს… ამას გარდა თურქეთში აფხაზური დიასპორის მრავალი საინფორმაციო სააგენტო მაუწყებლობს თურქულ ენაზე და ყველა ამ საიტის ინფორმაციული უზრუნველყოფა ოკუპირებული აფხაზეთიდან ხდება… ყველაფერ ამას ემატება ,,ტვიტერსა,,და ,,ფეიბუქზე,, გახსნილი ასეულობით გვერდი, რომლებიც სოციალურ ქსელში, აფხაზური დიასპორის საიტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციათა კოპირებას ახდენენ.

www.abhazhaber.com ; www.abhazyam.com; abhazfederasyonu.org; www.abhazdernegi.org ; www.ankaraabhaz.com; www.ankaraabhaz.org ; www.bursaabhazdernegi.org; www.duzceabhaz.org; www.dariyeriabhaz.org; www.altinpost.org; www.nartajans.net …

ეს, თურქეთში აფხაზური დიასპორის საინფორმაციო საიტების არასრული ჩამონათვალი გახლავთ… ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მედიის მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანები დაგვეთანხმებიან, რომ საინფორმაციო საიტების ამ რაოდენობას, თავად აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაც არ ფლობს.
ზემოხსენებული საიტები თურქულ საზოგადოებას, მის მშობლიურ ენაზე, დილიდან საღამომდე ,,ტვინს უბურღავენ,, იმით, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილი… რომ აფხაზები არასდროს დაუბრუნებენ საქართველოს იმას, რაც არასდროს ყოფილა მისი საკუთრება… და რომ აფხაზეთს სულ მალე მსოფლიო აღიარებს. ამ ,,ჭეშმარიტებების,, გასამყარებლად კი, თურქულენოვანი აფხაზური დიასპორის საიტები, სხვადასხვა სიყალბეზე აგებულ ტექსტებსა თუ კონტექსტებს იყენებენ…

კიდევ უფრო შორს მიდიან სოციალურ ქსელებში, სადაც ზოგიერთი ბლოგერი აფხაზური დიასპორიდან, იმასაც კი ამტკიცებს, რომ 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთი საქართველოს ეხმარებოდა აფხაზეთის დასაპყრობად.

თურქეთში აფხაზური სათვისტომოების ფედერაციის პრეზიდენტი აჰმეთ ჯეილან ჰაპატი
თურქეთში აფხაზური სათვისტომოების ფედერაციის პრეზიდენტი აჰმეთ ჯეილან ჰაპატი

ეს რაც შეეხება თურქეთში ელექტრონულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომს… აფხაზური დიასპორები ამით დაკმაყოფილებას და ამაზე გაჩერებას, როგორც ჩანს არ აპირებენ, რამეთუ 8 ნოემბერს, თურქეთში აფხაზური სათვისტომოების ფედერაციის მიერ იმავე დღეს არჩეული ახალი პრეზიდენტი – აჰმეთ ჯეილან ჰაპატი, თურქეთში აფხაზურ დიასპორას დაჰპირდა, რომ მათ აფხაზური ტელევიზიების თურქულენოვანი გადაცემების ნახვის საშუალებას მისცემდა… აჰმეთ ჯეილან ჰაპატი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის გამოსვლაში იმდენად გაკადნიერდა, რომ საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რამეთუ ეს საკითხი კავკასიაში მშვიდობის დამყარების პირობად მიაჩნია. მან ასევე მოუწოდა თურქეთის ხელისუფლებას, რომ ,,თეორიულად გააუქმოს აფხაზეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ემბარგო,, … თეორიულად ალბათ იმიტომ, რომ პრაქტიკულად არანაირი ემბარგოს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, მის მიერ თურქეთში დამყარებული კონტაქტებისა შედეგად, ვაჭრობაში არ განიცდის… ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი თურქული კომპანია და ცნობილი ბრენდი, მაგალითად ,,კოლინზი,, აფხაზეთში არ მორიდებია საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების მსგავსი აქტიურობა თურქეთის მიმართულებით რუსული ინტელექტუალურ-პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არ ხდება, აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების მიღწევები თურქეთთან დაახლოების საკითხში ზოგჯერ რუსეთს აღიზიანებს კიდევაც… მაგალითისთვის პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის მიერ გაკეთებული განცხადება მოგვყავს, რომელიც მან სექტემბრის თვეში გაახმოვანა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა თავის განცხადებაში მოუწოდა თურქეთს, რომ აფხაზებთან მოეშვას ორმაგ თამაშს და პირდაპირ აღიაროს მისი დამოუკიდებლობა… ,,თუ თქვენ თვლით, რომ თურქეთთან დაამყარეთ კარგი ურთიერთობა, რატომ არ გაღიარებენ ისინი?,, პირდაპირ დაუსვა კითხვა პუტინის მრჩეველმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას.

ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის გაღიზიანების მიუხედავად, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში თვლიან, რომ რუსეთი, სამოკავშირეო ხელშეკრულების კონკრეტული მუხლის თანახმად ხელს შეუწყობს აფხაზეთს, თურქეთის მხრიდან აღიარების საკითხის მოგვარებაში, მანამდე კი აფხაზები თავადაც აგრძელებენ თურქეთში კონტაქტების გამყარებას და საინფორმაციო ომის წარმოებას, რომლის ნაყოფსაც ნელ-ნელა იმკიან კიდევაც… მათ კულტურული-საზოგადოებრივი ურთიერთობის გარდა, თურქეთთან უკვე სავაჭრო ურთიერთობებიც უადვილდებათ და ამის პარალელურად პოლიტიკურ შეხვედრებსაც მართავენ… აფხაზეთის ე.წ. სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთში დიასპორასთან შესახვედრად სექტემბრის ბოლოს ჩასული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთში მცხოვრებმა გავლენიანმა პირებმა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს შეახვედრეს, რომელსაც აფხაზებმა ე.წ. აფხაზური მარლთმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიაზეც ჩაუგდეს სიტყვა

ზემოთ მოყვანილი ფაქტები ნათლად  ადასტურებს იმას, თუ რაოდენ წინ წაწია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება თურქეთთან ურთიერთობაში ჩადებულმა რესურსებმა და დიასპორის გამოყენებამ. ,,დააკაკუნე და გაგეღებას,, პრინციპით, აფხაზი სეპარატისტები ყველა ნაცნობის თუ უცნობის კარებზე აკაკუნებენ… ჯერჯერობით ზოგან უღებენ, ზოგან – არა. მიუხედავად ამისა განაგრძნობენ კაკუნს და იმედი აქვთ, რომ ოდესმე ყველა კარი გაეღებათ. ამასობაში გადის დრო… დრო კი, იმაზე მუშაობს – ვინც მუშაობს… და არა იმაზე, ვისაც სძინავს. დაკარგულს დრო თავისით არ აბრუნებს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშილეონიდ ძიაფშბა: „ჩვენ რამდენიმე დღეში გავხსნით ამ მკვლელობას“
შემდეგი სტატიაამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარიზში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა