აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივით დაკძალეს

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივით დაკძალეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიაგეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მთავრობისა და პრემიერის სახელით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

„26 წელი გავიდა მას შემდეგ, ისინი დღემდე ეძებდნენ მათ ნათესავებს როგორც უგზოუკლოდ დაკარგულ პირებს. საუბედუროდ, მათი იდენტიფიცირება მოხერხდა, როგორც დაღუპულების. მოხდა მათი გადმოსვენება და დღეს ამ ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის; ჩვენ გვეცოდინება ჩვენი გმირების საფლავები. 12 პირია გადმოსვენებული. აქედან, სამს ჩვენ დავკრძალავთ დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენთა ნეშტები გადასვენებული იქნება საგვარეულო სასაფლაოებზე ოჯახების გადაწყვეტილებით. ისინი დიდი ხანია, ამ დღეს ელოდებოდნენ და აბსოლუტურად გასაგები არის მათი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირების პროცესს, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე პროცესი.

„პირველ რიგში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაუღალავი შრომისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ამ საქმეში, ასევე აფხაზურ მხარეს. ყველა იმ პირს, ვინც იღებს წვლილს ამ ძალიან მაღალი ჰუმანიტარული საქმის განხორციელებაში. ბევრი საქმე გვაქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი, იმიტომ რომ დაკარგული არის დაახლოებით 2400 მდე პირი. დღემდე უკვე იდენტიფიცირებული არის 150-ზე მეტი ადამიანი და წელს ძალიან აქტიური სამუშაოების გაგრძელებაც იგეგმება”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა.

„კიდევ 12 ომის მსხვერპლი დაუბრუნდა თავის ოჯახებს, აქედან რვა არის მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც არაადამიანური რეჟიმის და ოკუპაციის მსხვერპლნი გახდნენ. ერთ-ერთი მათგანის დღიურიც კი, არის აღმოჩენილი, სადაც ის ბოლო დღეებს აღწერს როგორ იმალებოდნენ იმ წუთამდე და რა საშინელებები გადაიტანეს იმ წუთამდე, სანამ მათ იპოვიდნენ ოკუპანტები და დახვრეტდნენ მოქალაქეებს. თითოეულ მათგანი არის გმირი, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოსთვის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს. მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო