აფხაზეთში რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღე აღინიშნა

21 მაისს, აფხაზეთში რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღე აღინიშნა. 1864 წლის მაისში რუსეთმა ომი კავკასიაში კავკასიელებისთვის გენოციდის მოწყობით დაასრულა. იმავე წლის 21 მაისს კბაადაში (დღევანდელი კრასნაია პოლიანა) რუსულმა სარდლობამ გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმი გამართა. სამწუხაროდ, ამ სამარცხვინო და დანაშაულებრივ აღლუმში ე.წ. ქართული მილიცია და აფხაზური რაზმები მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით. არა მხოლოდ ქართველები, როგორც ამის შესახებ ხშირად წერენ რუსეთის მარიონეტები, აფხაზებიც რუსების მხარდამხარ აქტიურად მონაწილეობდნენ თანამოძმეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსული ინტერესებისთვის ბრძოლამ აფხაზებს საბოლოო ჯამში საშინელი ტრაგედია – მუჰაჯირობა მოუტანა.
„აფხაზეთის ავტონომიური რერსპუბლიკის უმაღლესი საბჭო პატივს მიაგებს რა რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნას, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ეტაპზე რუსეთთან „სტრატეგიული მოკავშირეობა“ არანაკლები საფრთხის შემცველია აფხაზი ერისთვის, ვიდრე მუჰაჯირობა“,- აცხადებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
მისივე განმარტებით, „ქართველთა და აფხაზთა, მთლიანად კავკასიელთა გადარჩენა ჩვენს ერთობაშია. შესაძლოა, დღეს ეს ყოველივე არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხვალ და ზეგ აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ შერიგებასა და ერთად ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. სხვა გზა გადარჩენისა არც არსებობს!“- აღნიშნავს ჯემალ გამახარია

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა მთავრობის მიერ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე – ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას