აფხაზეთში ყველა მიესალმება რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს გახსნას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2020 22:36

აფხაზეთში ყველა მიესალმება რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს გახსნას

„კორონავირუსის შემთხვევა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს გამოუვლინდა, საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და კიდევ უფრო დაძაბა ვითარება ისედაც დაძაბულ მთელს აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში. გალის რაიონი სრულ იზოლაციაშია მოქცეული. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლენილი არის 12 პიროვნება, რომლებთანაც აღნიშნულ ქალბატონს ჰქონდა კონტაქტი და ახლა ელოდებიან ანალიზების პასუხს“, – განაცხადა „თაიმერთან“ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
„ გალის ადმინისტრაციაში ახლა არის ვაი–უშველებელი ატეხილი. დაიწყეს გამოძიება თუ ვინ გასცა ამ ქალბატონს აფხაზური პასპორტი და ა.შ. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის კლასიკური მაგალითი. გალის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ადამიანებად არ თვლის, მათ არ უნდა ჰქონდეთ გადაადგილების უფლება. ისინი ახლა რასაც პასპორტს უწოდებენ, ეს არის ჩვეულებრივი საშვი, რომ იარონ თავისუფლად აფხაზეთში და გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ჩემი ინფორმაციით, იწყება იმის გამოძიება თუ ვინ გაბედა და მისცა გალელს ეს ე.წ აფხაზური პასპორტი”-აცხადებს ჯემალ გამახარია.
“მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის მოსახლეობას აფხაზურ ენაზე მიეწოდება სრული ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გალის მოსახლეობა სრულად არის ინფორმირებული არსებული ვითარების შესახებ. მეორე საკითხია, რამდენად სრულდება ეს იქ რეკომენდაციები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის რაიონში მეტნაკლებად სრულდება, მაგრამ ოჩამჩირის იქით ძველებურად ტარდება ქორწილები, ქელეხები, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე მუშაობას განაგრძობენ რესტორნები და კვების ობიექტები მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია.
რაც შეეხება მდგომარეობას ფსოუზე, ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვეყრდნობი ღია აფხაზურ წყაროებს, ჩაკეტილი საზღვრის გადმოლახვას აქვს მცდელობა. გამოდის, რომ „საზღვარი“ თითქოს ჩაკეტილია, თუმცა ადამიანები მაინც შემოდიან აფხაზეთში! ახლა იყო საუბარი, რომ ჩეჩნეთიდან ძალიან დიდი ჯგუფი ჩავიდა აფხაზეთში. როგორ და რანაირად მოხვდნენ ისინი აფახაზეთში თუ ჩაკეტილია ე.წ საზღვარი? დიახ, დარღვევებს აქვს ადგილი. აფხაზეთში იმ დონეზეა კორუფცია, რომ იქ რაიმე კანონის აღსრულება ძალიან ძნელია“, აღნიშნა „თაიმერთან“ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
„მაქვს ინფორმაცია აფხაზეთიდან, რომ რუსეთი ეხმარება აფხაზურ ე.წ. ხელისუფლებას სამედიცინო აღჭურვილობით და კორონავირუსის ტესტებით. თუ ვინმეს დაუდასტურდება კორონავირუსი, მას სამკურნალოდ რუსეთში წასვლის უფლება არ აქვს. მან უნდა იმკურნალოს აფხაზეთში. ყოველივე აქედან გამომდინარე, აფხაზებს აქვთ დიდი შიში, რომ რუსეთმა შეიძლება ხელოვნურად შუწყოს ხელი კორონავირუსის გავრცელებას აფხაზეთში და იქ მძიმე კრიზისული ვითარების შექმნას, რათა ამით უფრო მართვადი და მორჩილი გახადოს აფხაზები. ამის შიში არსებობს. ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გუშინ მივიღე. ისეთ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე რუსეთის სახით, რომ მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. სხვათა შორის, გალიდან გადმოსულ მოსახლეობაზე დაყრდნობით გეუბნებით, სამედიცინო მომსახურეობის დონე იმდენად დაბალია, რომ ფაქტიურად შეუძლებელია იქ ადამიანი განიკურნოს. ამიტომ იქ ყველა მიესალმება, გარდა ოფიციალური პირებისა, რუხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს გახსნას“,– თქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2020 22:36

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics