აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო სირიის მიმართ დამატებითი ფინანსური შეზღუდვების დაწესება მხარდაჭერის მტკიცე პოლიტიკური გზავნილია- დავით ზალკალიანი

„მსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და გამოვეხმაურო  გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სირიის რეჟიმი შეყვანილი იქნა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ვერ მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

ეს არის გამოძახილი იმ ჩანაწერისა, რომელიც განხორციელდა აშშ-ის ასიგნებათა აქტში და აღნიშნული მხარდაჭერა გამოხატულია როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე.“ – ამის შესახებ განაცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა.

 როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა,  იგივე შეზღუდვები ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუსთან მიმართებით  მოქმედებს.

 დავით ზალკალიანის განცხადებით, მართალია სირია დღეისთვის არ არის  აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერის ბენეფიციარი, თუმცა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ,ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ქმედება აშშ-ს საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ,რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას  უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას

„  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო გზავნილი აშშ-ის მხრიდან, რომ ის არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ისეთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, როგორიც გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ – დასძინა  მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

banner
წინა სტატიაშიგურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა
შემდეგი სტატიაკორუფციული სქემა, რომელშიც ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის სახელი ფიგურირებს