აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ზესტაფონში, ქუთაისში და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს ეწვივნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2020 10:23

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ზესტაფონში, ქუთაისში და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს ეწვივნენ

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აგვისტოს პირველივე დღეებში მორიგი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა.
სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამჯერად ზესტაფონის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში განსახლებულ 40-მდე აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცა.
ჰუმანიტარული დახმარების სასაჩუქრე პაკეტები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ და აპარატის სხვა თანამშრომლებმა გადასცეს.
აქციის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვდნენ ზესტაფონის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელს იმერეთის რეგიონში ბესარიონ ჭანტურიას და უწყების სხვა თანამშრომლებს.
საუბარი შეეხო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე დღეს არსებული პრობლემების მოგვარებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაქსიმალურად დროულად უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი და აპარატის თანამშრომელი ზრუნავს იმისათვის, რათა რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეს არსებული მდგომარეობა.
ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2020 10:23