აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები იზოლაციაში მყოფ დევნილებს დაეხმარნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
გუშინ და დღეს, სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები მიაწოდეს აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს, რომლებიც თბილისში, ნუცუბიძის II მიკრორაინში ბაგა–ბაღის შენობასა და „ქართული ფილმის“ ყოფილ სასტუმროში, იზოლაციაში იმყოფებიან.
სწორედ ამ ორ საცხოვრებელ ობიექტზე დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, რომლის წყაროც დაინფიცირებული მედდა აღმოჩნდა და რომელსაც დღეს „საბურთალოს კლასტერით“ მოიხსენიებენ. ორივე კომპაქტური განსახლებიდან 31 პირი კარანტინშია გადაყვანილი. ნაწილი მათგანი განათავსეს დიღომში მდებარე სასტუმრო „ფანტაზიაში“, 24 ადამიანი კი თელავში, სასტუმრო „სავანეთში“ გადის ორკვირიან კარანტინს.
უმაღლესი საბჭოს აქციის მიზანია დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში იზოლაციაში დარჩენილი ადამიანებისათვის თანადგომის აღმოჩენა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ბატონებმა – ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა მიიტანეს.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ზრუნავს იმისათვის, რომ იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს შეუმსუბუქონ შექმნილი ვითარება. მისივე განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი მომავალშიც გაგრძელდება.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრების საშუალებით.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: დიახ, ვიქნები!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პროპორციული არჩევნები, არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს პოლიტიკურ კულტურას განვითარების შესაძლებლობას