აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა

gulis eleqsiri

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, დღეს საშემოდგომო სესია თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნილად გამოაცხადა. სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, ის ვრცელი მოხსენებით წარდგა კოლეგების წინაშე.

მოხსენებაში დეტალურად იყო მიმოხილული ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება, რაც პანდემიის ახალი ტალღის გავრცელებამ გამოიწვია და რამაც, ცხადია, გავლენა მოახდინა უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვის მიუხედავად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა თავიდან ვერ აიცილეს დაინფიცირების საკმაოდ ხშირი და ზოგჯერ მწვავე შემთხვევებიც. კოვიდ-19-მა იმსხვერპლა დეპუტატ აკაკი გასვიანის სიცოცხლე. ჯემალ გამახარიას განცხადებით, ტრაგიკული ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, უმაღლესი საბჭოს სპიკერატი და აპარატის ხელმძღვანელობა ვალდებული არიან კიდევ უფრო გაამკაცრონ არსებული შიდა რეგულაციები და უზრუნველყონ დეპუტატებისა და თანამშრომლების აცრა და მათი მაქსიმალური დაცვა ვერაგი ვირუსისაგან.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ პანდემიის პერიოდში დევნილთა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სისტემატურად გაწეულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას და აღნიშნა, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე 1830-ზე მეტ ოჯახს, ანუ 11500-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. მან იქვე აღნიშნა, რომ საშემოდგომო სასესიო პერიოდში ჰუმანიტარული აქციები მუნიციპალური არჩევნების დასრულების შემდეგ განახლდება.
ბატონი ჯემალ გამახარია შეეხო აგრეთვე კორონავირუსული პანდემიის თვალსაზრისით აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას და ხაზი გაუსვა, რომ დადებითობის მაჩვენებელი 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში; დე ფაქტო ჯანდაცვის სისტემა კი ვერ უმკვლავდება პანდემიას.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაწვრილებით მიმოიხილა საკანონმდებლო ორგანოს მიერ წინა სასესიო პერიოდში დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გაწეული საქმიანობა; აღინიშნა, რომ რეგულარულად ტარდებოდა როგორც პრეზიდიუმის, ისე პლენარული სხდომები. პრეზიდიუმმა 22 სხდომა გამართა, ჩატარდა 15 პლენარული სხდომა, მათ შორის სამი იყო რიგგარეშე. განვლილ სასესიო პერიოდში უმაღლესი საბჭო, როგორც საკანონმდებლო ორგანო, უპირატესად დაკავებული იყო სწორედ საკანონმდებლო საქმიანობით. უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინა რვა საკანონმდებლო ინიციატივა, მათგან შვიდი საგაზაფხულო სასესიო პერიოდში მომზადდა. ჯემალ გამახარიამ კმაყოფილებით აღნიშნა უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ნაყოფიერი თანამშრომლობა საკანონმდებლო სფეროში. ამასთან, მან იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა მთავრობის მეტი კონტროლი, რადგან პრაქტიკა ადასტურებს, რომ მთავრობის ნაკლები კონტროლი მეტ პრობლემებს წარმოშობს იმავე მთავრობაში და, პირიქით, მეტი კონტროლი წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან ეხმარება და იცავს მთავრობას უნებლიე გადაცდომებისაგან, რაც სამწუხაროდ, დაფიქსირდა ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის სახით.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვრცელ მოხსენებაში შეფასებული იყო კომიტეტების წარმატებული საქმიანობა გასულ სასესიო პერიოდში, ამასთან, იყო მითითება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უკვე დღეიდან განსაკუთრებული სისტემურობით არის მუშაობა საჭირო; მათგან შეიძლება გამოიყოს საჯარო რეესტრში დევნილთა საკუთრების რეგისტრაცია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სფეროში არსებული კატასტროფული მდგომარეობა, ე. წ. შავი არქეოლოგების გააქტიურება ოკუპირებულ აფხაზეთში.
სხდომის დასრულების შემდეგ, დღესვე ტრადიციულად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს გამოკლებული კოლეგების – თამაზ ნადარეიშვილის, მიხეილ ჯინჭარაძის, ოთარ ზუხბაიას, გერმანე ფაცაციას, გენო კალანდიას, კიმ ჯაჭვლიანის, რენალდ დგებუაძის, გივი ლომინაძის, მალხაზ ბარამიძის, არნოლდ ფენდერავას, ალექსანდრე ჯიქიას, თემურ გოგოხიას, შოთა ხეცურიანის, აკაკი გასვიანის, თემურ ლორთქიფანიძის ხსოვნას და საბურთალოს ამაღლების სახელობის ეკლესიაში მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: კეზერაშვილის შემთხვევაში ეს არის ფორმულაზე შეტევა